„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ – ფოტოგამოფენა გაიხსნება

6 ივნისს, 15:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით გაიხსნება ფოტოგამოფენა – „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან განუცხადეს, ღონისძიების მიზანია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და ევროპას მჭიდრო კავშირი ჰქონდა. ამის უტყუარი და საუკეთესო დასტური კი სწორედ ხელნაწერი მემკვიდრეობაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყრის თავს.
საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ხალხებთან, ქართული კულტურა არასდროს ყოფილა იზოლირებული და ჩაკეტილი. საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დასავლეთისკენ ისწრაფოდა, რაც გამოიხატებოდა როგორც მათ საზოგადოებრივ წყობაში – ფეოდალიზმში, ასევე იმ ინტერესში, რასაც ქართველი ხალხი ევროპული მიღწევებისა და ევროპული ნააზრევის მიმართ იჩენდა. ევროპელი მოგზაურების მიერ დატოვებული საქართველოსა და ქართველების მრავალრიცხოვანი აღწერილობებიც ამის დასტურია.
წერილები, ჩანაწერები, ფოტოები, ხელნაწერები – ეს არის ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის ამსახველი წერილობითი ძეგლები, სწორედ ამ მასალის ფოტოასლები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე. ასევე ვიზიტორებისთვის ლექციას წაიკითხავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენებისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური.
აღსაღნიშნავია, რომ გამოფენა 30 მარტს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნა. 26 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით გამოფენას ფოთი მასპინძლობდა. 3 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით კი – უფლისციხე. 20 აპრილიდან 30 აპრილამდე – ბორჯომი, ხოლო 1 მაისიდან 15 მაისამდე – ოზურგეთი. გარდა ამისა გამოფენა კიდევ რამდენიმე ქალაქს მოივლის: ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, მესტია. თითოეულ ქალაქში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სალექციო შეხვედრას. ლექციას გაუძღვებიან ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები.
ქუთაისში გამოფენა 6 ივნისიდან 11 ივნისამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი საქართველოში. იგი ემსახურება ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით ხელს უწყობს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდასა და განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები