12 წლის ქველმოქმედი, რომლის ლექსმაც მიუსაფარი მოხუცები აატირა…

ჯერ მხოლოდ 12  წლისაა. პოეზია ბავშვობიდან უყვარს, განსაკუთრებით პატრიოტული ლექსები. მოეწონება ლექსი და თავისით იმახსოვრებს… ამ ლექსებს შემდეგ მხატვრულად კითხულობს საღამოებზე, შეხვედრებზე… პოეზიის გარდა უყვარს ჭადრაკის თამაში. საგნებიდან – მათემატიკა და ისტორია.  ახლახან კიდევ ერთი ხარული ეწვია –  კინგსის მაემატიკის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და II ხარისხის დიპლომი მიიღო.
თბილისის 147-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. მისი ცხოვრება გამოირჩევა იმითაც, რომ ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო საღამოებში და ცდილობს, სხვებსაც გაულამაზოს ცხოვრება. – ანანო ზავრიშვილის პერსონა.

– დავიბადე,  2005 წლის 6 მაისს, თბილისში. დედა – გულიკო ზავრაშვილი, პროფესიით ექიმი-პედიატრია.  ამჟამად დიასახლისია, მამა – რომან ზავრაშვილი პროფესიით ინჟინერია. მეც სხვა ბავშვებივით ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, სანამ სკოლაში მივიდოდი.
როდის შეგიყვარდა პოეზია?
 პოეზია  ძალიან მიყვარდა ბავშვობიდანვე. 3 წლის ასაკში უამრავი საბავშვო ლექსი ვიცოდი. თავიდან ვერ ვგებულობდი პატრიოტული ლექსების შინაარსს. მიკვირდა, პატრიოტულ ლექსებზე დედაჩემს რომ ეტირებოდა. სწორედ აქედან დავინტერესდი პატრიოტული ლექსებით…
– ლექსებს ადვილად სწავლობ…
– ლექსებს ძალიან ადვილად ვიმახსოვრებ, თუმცა ყველა ლექსის წაკითხვა არ შემიძლია, ლექსის შინაარსი თუ მომეწონა, შემდეგ ვსწავლობ და სურვილი მიჩნდება,  ყველას წავუკითხო.
– „ვეფხისტყაოსნის“ მრავალი სტროფი ზეპირად იცი?
– ძალიან მიყვარს „ვეფხისტყაოსანი“ და დაახლოებით 100-მდე სტროფი ვიცი ზეპირად. „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით ძალიან ბევრ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული  ქართულის მასწავლებლის, თამრიკო გურჯიძის დამსახურებაა.
ჩემს ცხოვრებაში ასევე გამორჩეული დღე იყო 2016 წლის 29 დეკემბერი, „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე, სადაც წავიკითხე გიორგი ლეონიძის ლექსი – „ვეფხისტყაოსანს “.
დიდი მადლობა ქალბატონ მაია ტყელამაძეს, რომ მივიღე მონაწილეობა პროექტში – „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“ და „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონები გადავწერე.
– რატომ არჩევ მაინცდამაინც ეროვნულ თემატიკას?
– ლადო ასათიანის „ცხრა ძმა ხერხეულიძის“ სწავლის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, მესწავლა ლექსები ქართველ გმირებზე, რომლებმაც სამშობლოს შესწირეს თავი.
– როგორ სწავლობ ლექსს და რომელი პოეტები გიყვარს?
– ჯერ ვკითხულობ ლექსს და ვუკვირდები შინაარსს… თუ მომეწონება, შემდეგ ვსწავლობ.
რომელი ლექსიც მომწონს და ვსწავლობ, მისი ავტორი ყველა პოეტი ძალიან მიყვარდება. ესენი არიან: გიორგი ლეონიძე, ლადო ასათიანი, მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი…   რომელი ერთი ჩამოვთვალო?
მინდა, უახლოეს ხანში იოსებ ნონეშვილის და შოთა ნიშნიანიძის ლექსები ჩავწერო, გამოვარჩევდი იოსებ ნონეშვილის ლექსს „ღმერთი და ხელები“ და შოთა ნიშნიანიძის „ციხე-ტაძართა საგალობელს“…
ძალიან მიყვარს ქართველი ებრაელი პოეტი ნანა შაბათაშვილი და მისი ლექსი „დედას პური“.
ხატავ, ჭადრაკს თამაშობ…
–  ხატვა და  ჭადრაკის თამაში (4 წლის ასაკიდან ვთამაშობ) მიყვარს, ასევე წიგნების კითხვა…
– მათემატიკა გამორჩეული საგანია… ახლახან კინგსის ოლიმპიადაშიც გაიმარჯვე…
– ყველა საგანს ძალიან კარგად ვსწავლობ, მაგრამ მათ შორის გამოვარჩევდი მათემატიკას და ისტორიას. აქტიურად ვმონაწილეობ კინგსის ოლიმპიადებში და დიპლომებიც მივიღე. ახლახან  კინგსის მათემატიკის ოლიმპიადაზე გავიმარჯვე და II ხარისხის დიპლომი გადმომცეს.
– საყვარელი წიგნი და ფილმი…
– მრავალი წიგნი მაქვს წაკითხული, განსაკუთრებით მიყვარს: „შერლოკ ჰოლმსის თვგადასავალი“, „საძაგელი მამიდა“ , „უთავო მხედარი“, „ბიძია თომას ქოხი“, „კაცი, რომელიც იცინის“…
ფილმებიდან გამოვარჩევდი: „წიგნების ქურდს“, „ხიდს ტერაბიტიაში“ და „ჯარისკაცის მამას“… ამ ფილმს რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო, ყოველთვის მეტირება.
უამრავი ანდაზება შეაგროვე…
– მეორე კლასში ვიყავი, ზამთრის არდადეგებზე ჩემმა მასწავლებელმა მზია ჯაფიაშვილმა დაგვავალა ანდაზების შეგროვება. ისე ძალიან მომეწონა, რომ ანდაზების შეგროვება გავაგრძელე…
მეხუთე კლასში უკვე ქართულის ენის მასწავლებელმა თამრიკო გურჯიძემ დაგვავალა ანდაზების მოძიება გაკვეთილზე. ყველაზე მეტი ანდაზა მე მქონდა მოძიებული.
– და მერე წიგნად გამოეცი?
– მინდოდა,  ყველა ბავშვს ჰქონოდა ეს ანდაზები. გადავწყვიტე, 6 მაისს,  ჩემი დაბადების დღეზე, კლასელებისთვის გიორგობა ჩემი  ანდაზების პატარა კრებულით მიმელოცა. ჩემი შეგროვილი ანდაზების წიგნი 10 წლის ასაკში კლასელებისთვის გამოვეცი.
ასე დაიბეჭდა ეს წიგნი. ალბათ, სიმბოლურია, რომ მაშინ 10 წლის გავხდი და რომ დავთვალეთ, 1010 ანდაზა გამოვიდა.
– საქველმოქმედო საღამოებში ხშირად მონაწილეობ… თიანეთში „საქველმოქმედო ოთახიც“ კი გახსენი…
– საქართველოს ქალთა საბჭოსა და თიანეთის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტი „სოფლის ქომაგნი”  მონაწილეობა მივიღე და ბატონ ტარიელ ხარხელაურის 70 წლის საიუბილეო საღამოში და მის სოფელ სიმონიანთხევში  „საქველმოქმედო ოთახი“ გავხსენი.
დიდი მადლობა საქართველოს ქალთა საბჭოს, რომ ამ პროექტში მიმაღებინა მონაწილეობა და მომცა საშუალება, გამეკეთებინა სიკეთე.
საქველმოქმედო ნივთებით  მთელ სოფელს დავეხმარეთ. შევაგროვეთ: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ბავშვის სათამაშოები და საოჯახო ნივთები.
ნივთების შეგროვებაში  დედა მომეხმარა, ასევე – კლასელები, მეზობლები, ნათესავები და დედაჩემის მეგობრები…
ნივთები მოსახლეობას გადავეცით…. მთელი სოფელი გველოდებოდა.
უნდა აღვნიშნო, რომ საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოტე სვანაძე დამეხმარა საქველმოქმედო ნივთების ტრანსპორტირებაში.
ბოდბისხევის მოხუცებულთა სახლის – „უზრუნველი სიბერეს” მოხუცებულებს 8 მარტი მივულოცე. მათ მერაბ ბერაძის „დაგვიანებული აღსარება“ წავუკითხე… არ დამავიწყდება მათი სახეები, როგორ ტიროდნენ მოხუცები…
2016 წლის ივნისში საქართველოს ქალთა საბჭოსთან ერთად მონაწილეობა მივიღე საქველმოქმედო ღონისძიებაში საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში და ნიქოზელ ბავშვებთან ერთად ჩავატარეთ კონცერტი.
მონაწილეობა მივიღე საქართველოს ქალთა საბჭოს პროექტში: „არა ომს! ჩვენ მშვიდობა გვინდა!”
– ახალი საქველმოქმედო პოეზიის საღამოსთვის ემზადები…
– ჩემი ინიციატივით ვაწყობთ საქველმოქმედო პოზიის საღამოს ავადმყოფ ბავშვის დასახმარებლად.
ივნისის ბოლოს იგეგმება საქველმოქმედო პოეზიის საღამო ავადმყოფი ბავშვის დასახმარებლად და მიხარია, რომ ამ საღამოშიც ვმონაწილეობ…

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები