“ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებია, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლებით” – ვოლსკი

“თავადაც კარგად იციან და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებია, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლებით”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

კერძოდ, ვოლსკი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა და მოლდოვა თუ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი. სწორედ ამიტომ ველოდები, რომ ივლისში დარჩენილ ხუთივე კლასტერსაც გავხსნით“.

„მთავარი აქცენტი უკრაინაზე კეთდება, რადგან ომი დაიწყო თუ არა, იმ წუთიდან, მაღალი ტრიბუნებიდან განცხადებები კეთდებოდა, რომ უკრაინა ევროპის გამო სისხლს ღვრის და ევროპამ თავისი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა გადადგას. დაპირებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი სწრაფად გახდებოდა. სკეპტიკოსებმა და კრიტიკოსებმა როდესაც ხმა ამოიღეს და თქვეს, რომ უკრაინაში დაღვრილი სისხლის ოდენობა ნამდვილად არ არის იმ რეალობის შესაბამისი, რასაც კანდიდატის სტატუსის მიცემა ჰქვია, მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ევროკავშირის წევრი უკვე სწრაფად გახდეს, თუმცა აქ ის რეალობა გამოჩნდა, რასთანაც გვაქვს საქმე. მონაცემები, რაც უკრაინას და მოლდოვას აქვთ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მათ ევროკავშირის წევრი ერქვათ. ორივეს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ფაქტია, რომ საჭირო სტანდარტები არ აქვთ და ამიტომ, დათქმის აუცილებლობა წარმოიშვა. ანუ, ფანდი მოიფიქრეს – ომობ, სისხლს ღვრი, ცრემლს ღვრი, მაგრამ სამაგიეროდ, აგერ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ხარ, კი ბატონო, უმძიმეს მდგომარეობაში ხარ, მაგრამ უკვე შემდგომ ეტაპზე ევროკავშირის წევრი გახდები. თავადაც კარგად იციან და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებიათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლებით. აქედან გამომდინარე, ფანდი მოიფიქრეს, რომ ეს დაპირება ჰაერში გამოკიდებული არ დარჩეს და კრიტიკოსთა ცეცხლის სამიზნე არ გახდეს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ეს სტანდარტი და უკრაინის მიმართ ასეთი მიდგომა არასწორია. ყველამ დავინახეთ, რეალობაში რა ხდება“, – აღნიშნავს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები