სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ევროკავშირის რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ევროკავშირის რეგულაციებისა და დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები იღებენ. სამუშაო შეხვედრას უძღვებიან სამართლის წამყვანი ექსპერტები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან (ავსტრია, გერმანია, ხორვატია). “Legal Workshop”-ის პირველი დღის ფარგლებში, ექსპერტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად, განიხილეს ევროკავშირის კანონმდებლობა, მისი სტრუქტურა და იერარქია, ასევე, „შეთანხმება ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის“ და მასში გათვალისწინებული რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.
შეხვედრის მონაწილეებმა შესაბამისი პრეზენტაციები წარმოადგინეს. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამოქალაქო ავიაციის დირექტორის მოადგილის, ლევან კარანაძის განცხადებით, მთავარი ამოცანა ევროპულ საავიაციო სისტემასთან ინტეგრაცია და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მაღალი სტანდარტების დანერგვაა.
“რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესს “, – აღნიშნა ლევან კარანაძემ.
მისივე თქმით, „ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საქართველო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და დირექტივებს საავიაციო კანონმდებლობაში ეტაპობრივად ნერგავს. 2-დღიანი ღონისძიება (1-2 ივნისი) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის – „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან“ მხარდაჭერის ფარგლებში იმართება.
​საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უკვე დაინერგა: უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ბაქანზე შემოწმების პროგრამის (SAFA) პროცედურები, სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე მომხდარი საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების შეტყობინების, აგრეთვე, მათ შესახებ დაინტერესებულ მხარისათვის ინფორმაციის მიწოდების წესები, საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, რეისის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის დროს შეზღუდული შესაძლებლობებისა და შეზღუდული მოძრაობის მქონე პირის უფლებების დაცვის, დახმარების აღმოჩენის წესი და პირობები.
„ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამ ეტაპზე, სააგენტოს მიერ იგეგმება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების წარმოების, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლოატანტისათვის სადაზღვევო მოთხოვნების განსაზღვრის, საჰაერო ტრანსპორტით მგზავრისა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვებისას ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესების მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები