დათო ტურაშვილი გერმანელ მკითხველთან შეხვედრებს მართავს
27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ქართველი მწერლების და ხელოვანების მონაწილეობით, ფრაიბურგში, ქართული კულტურისა და ლიტერატურის კვირეული იმართება.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კვირეული საქართველო-გერმანიის მეგობრობის საიუბილეო წლის ფარგლებში ტარდება და პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
კვირეულის ფარგლებში, 27 მაისს, ფრაიბურგის ერთ-ერთ ლიტერატურულ სივრცეში, თანამედროვე ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა რომანის „ჯინსების თაობა“ გერმანულენოვანი თარგმანი წარადგინა, გაიმართა საჯარო კითხვა. აღსანიშნავია, რომ წიგნი გერმანულ ენაზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა.
ტურინგიის ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მწერლის შეხვედრა გერმანელ მკითხველთან იენასა და ერფურტში.
გერმანიის სხვადასხვა ქალაქში თანამედროვე ავტორის ლიტერატურული ტური ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.