თბილისის მე-10 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიხსნა

 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
31 მაისს ფესტივალის ოფიციალური გახსნის საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.
DJ-ს მიერ სპეციალურად შექმნილი კინომუსიკის სეტის ფონზე წარმოდგენილი იყო ფესტივალის სიახლეები; გაიმართა ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის სტუდენტური/სადიპლომო ნაშრომის „ვაგონეტის“ ჩვენება.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, 4 ივნისს, 20:00 საათზე, ფესტივალის დასკვნით საღამოს მუსიკალურად გააფორმებს თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. ასევე გაიცემა ჟიურის სპეციალური პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებიც მსოფლიო კინოსკოლებში ისწავლება: რეჟისურა, ოპერატორის ნამუშევარი, მონტაჟი და ხმა.
სელექციის შედეგად ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა 19 ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი, მათ შორისაა – აშშ, გერმანია, არგენტინა, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ბელგია და საქართველო.
2017 წლის ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: ინდოელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი აშვინ მალიქი; ისრაელის კინოინდუსტრიის აქტიური წევრი, პროდიუსერი ეითან ევანი; ლიტველი პროდიუსერი რამუნას პავილინსკასი; ირანელი კინემატოგრაფსტი, კარნამეს ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ბორდის წევრი ალირეზა სოლტანიში; თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ნინო კასრაძე.
ფესტივალის პროგრამა, ასევე მოიცავს ჟიურის წევრების მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე: “რასა“ – მიდგომა სინემატიკურ თხრობასთან; როგორ განვავითაროთ წარმატებები?; როგორ შევქმნათ ფილმის რიმეიქი; მსახიობის მუშაობა კამერასთან და რეჟისორთან; ურთიერთობა პროდიუსერებს და დამწყებ რეჟისორებს შორის.
მასტერკლასების გარდა, თეატრალური უნივერსიტეტის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება ყველა საკონკურსო ფილმი, ინგლისური სუბტიტრებით.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია (მის: აღმაშებლის გამზ. 40).
2017 წელს ფესტივალს ჰყავს საპატიო სტუმარი – იერჟი რუდჟინსკი, პოლონელი ოპერატორი, რომელიც გახლავთ ლოძის კინოსკოლის პროფესორი. მას აქტიური შემოქმედებითი პროცესები აკავშირებს ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორიც არიან კშიშტოფ კისლიოვსკი, ანჯეი ვაიდა და სხვა. პოლონელი ოპერატორი 3-დღიან ვორკშოფს ჩაატარებს ქართველ სტუდენტებთან: ფერთან და კამერასთან მუშაობის მეთოდოლოგიისა და სხვა თემების შესახებ.
წელს, ფესტივალს დაესწრება საკონკურსო პროგრამის 10-მდე უცხოური ფილმის ავტორი და გადამღები ჯგუფის წევრი, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი სტუდენტების, მომავალი კოლეგების გაცნობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას.
ფესტივალის პროგრამაში, ასევე სხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი: 1 ივნისს – ვლადიმერ სულაქველიძის გამოფენა და ფილმ „ფრანის“ ჩვენება გაიმართება; ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტი უმასპინძლებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს კინოს მუზეუმში; დაგეგმილია მიხეილ მაღალაშვილისა და გიორგი გერსამიას სტუდენდების, მომავალი ოპერატორების ფოტოგამოფენა.
საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა. იგი მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე „თავისუფალ სივრცედ“, ფესტივალმა მრავალი სახელგანთქმული რეჟისორი დააჯილდოვა მათი სტუდენტობის პერიოდში. 2007 წელს, აღდგენილი ფესტივალი, მრავალწლიანი ისტორიითა და განახლებული სახით ჩაერთო კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პროცესში. მან უკვე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მე-10 საიუბილეო ფესტივალის მხარდამჭერები ასევე არიან – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და თბილისის მერია.
ფესტივალის პარტნიორები არიან: “გორგია“, „ყავა პელე“, „ბორჯომი“, „პეპსი“, შპს „აბიტარე“, რესტორანი „ქართული სახლი“ პეროვზე, ტელეკონპანიები „Music Box” და „ARTAREA“, “ჟურნალი“კულტურა+“, გაზეთი „Georgia Today”, რადიო „ფორტუნა“, სარეკლამო კომპანია „ალმა”, “On.ge”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები