ოპერის საჩუქარი „სოლიდარობის ფონდის“ ბავშვებს – „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერა გაიმართება

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარებს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, 1 ივნისს, 19:00 საათზე,  გაეტანო დონიცეტის ოპერის „სიყვარულის ნექტარის“ მორიგი საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
1 ივნისის პრემიერაზე იმღერებენ: თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი – ირაკლი მურჯიკნელი (ნემორინო), მოწვეული ქართველი სოპრანო – სოფია მჭედლიშვილი (ადინა), თეატრის სტაჟიორები: გიორგი მჭედლიშვილი (ბელკორე), გიორგი ჭელიძე (დულკამარა), თინათინ მამულაშვილი (ჯანეტა). სპექტაკლს უდირიჟორებს ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი.
მაყურებელი თბილისის ოპერის თეატრში იხილავს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანის, კოლუმბიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ფერნანდო ბოტეროს დადგმის გამორჩეულ ვერსიას, რომლის შთამბეჭდავ სცენოგრაფიასა და ფერადოვნებაშიც ადვილად ამოიცნობა „ბოტერიზმად“ ცნობილი სტილი – ადამიანების, ფიგურების უტრირებული მასშტაბები და ხასიათი.
საპრემიერო წარმოდგენებში მონაწილეობენ: ცნობილი იტალიელი შემსრულებლები, მოწვეული ქართველი მომღერლები, თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები, ახალი თაობის მომღერლები, თეატრის გუნდი და ორკესტრი მთავარი დირიჟორის, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით. ქართულ და იტალიურ შემადგენლობებს ასევე უდირიჟორებენ მაესტროები: ვალტერ ატანაზი, ალბერტო ვერონეზი და ფაბრიციო კასი.
ოპერის თეატრში გაიმართება როგორც საღამოს, ისე დღის სპექტაკლები.
10 და 11 ივნისი – დასაწყისი 14:00 სთ.
4, 6, 14 და 15 ივნისი – დასაწყისი 19:00 სთ.
ოპერაში „სიყვარულის ნექტარი“ თითოეული პერსონაჟის გარეგნული სახე ფერნანდო ბოტეროს ნახატებს ეფუძნება (ცნობილი სერია „ცირკი“) და დონიცეტის მუსიკაზე ცოცხლდება.
პროდუქციას თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები