ქართველი ვან – გოგი, რომელიც შეკვეთით არ ხატავს

ხატვა უცებ დაიწყო, ისე, რომ ვერც გააცნობიერა… პირველად ვეფხის და მოყმის ბრძოლა“ დახატა... შემდეგ სიზმრისეული და ამოუცნობი ფერებიც მოვიდა.
ამბობს, რომ მისი შემოქმედება ფერწერულ სიურეალიზმს განეკუთვნება.  მთავარია, რომ მოსწონთ  მისი ხალისიანი ფერები…
ორი დიდი ემოცია – ტკივილი და ბედნიერება აძლევს შთაგონებას ხატვისას. მისი თქმით, ცხოვრება ტკივილია, მაგრამ მშვენიერია. მისი ნამუშევრებიც ამ ტკივილიან სიმშვენიერეს გადმოსცემენ… – თვითნასწავლი მხატვრის, რამაზ ყაზიშვილის პერსონა.

– ბავშვობა ალბათ სხვა ბავშვებისგან  არაფრით განსხვავებული მქონდა… ცოტა ჩაკეტილი ვიყავი. დიდად არ მახსენდება ბავშვობიდან არაფერი. ერთი ის მახსოვს, რომ მიყვარდა ბაღში გოგონა კიკინებით, რომელიც დღეს ჩემი მეუღლეა.
სკოლის პერიოდი მოსაწყენი იყო… არც იცოდნენ, რომ ვხატავდი. რომ გაიგეს, გამოფენა გამიკეთეს სკოლაში. პირველად ხატვის მასწავლებელმა გაიგო  სკოლიდან…  გამოფენა მქონდა, იქ იყო მიწვეული და შემთხვევით მნახა.
– 10 წლიდან ხატავთ… როდის მიხვდით, რომ მხატვარი უნდა გამოსულიყავით?
– მე და ჩემს ხელოვნებას უცნაური ურთიერთობა გვაქვს. როცა ხატვა დავიწყე, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რა არის ხატვა, დღეს კი უამისოდ, მგონი, სიცოცხლე  არ შემიძლია.
– პირველი ნახატი იყო, როცა წიგნიდან ვეფხისა და მოყმის ბრძოლა გადახატეთ… გაიხსენეთ ის დღე?
– ვეფხის და მოყმის ბრძოლა… ძალიან უცნაური შეგრძნება იყო, ემოციას ვერ აღვწერ… საკუთარი ნახატის არ მჯეროდა…
19 წლამდე სიურეალიზმს ხატავდით. ახლა უფრო მძიმე ფერწერაზე მუშაობ, რომელსაც ფერწერულ სიურეალიზმს ეძახით... აგვიხსენით რამაზ ყაზიშვილის ფერწერული სიურეალიზმი…
– დღესაც სიურეალიზმად ვთვლი ჩემს შემოქმედებას.. სიზმრისეულს და ამოუცნობს. სიურეალიზმს ახასიათებს მშრალი და უხალისო ფერები, მე ეს უბრალოდ შევცვალე და ფერწერაში გადავიყვანე… ვცდილობ, იდეურად დატვირთული, დამაფიქრებელი იყოს ტილო… რაღაც შეცვალოს მნახველში.
– ნახატებს ფეისბუქის მეშვეობით ყიდით…  „რატომ უნდა იყოს მხოლოდ ჩემთან? სხვის ცხოვრებასაც ხომ ალამაზებს? მე კიდევ უამრავს დავხატავ“ – ასე უპასუხეთ თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემელს… რამდენი ნახატი გექნებათ გაყიდული?
–  ესეც უცნაურად მოხდა.. გავხსენი ფეისბუქი და უბრალოდ ვდებდი ტილოებს… თავიდან იყიდებოდა, მაგრამ ასეთი დიდი რაოდენობით არა… მერე მემატებოდა ხალხი და მოთხოვნაც იზრდებოდა. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს… დაახლოებით 170 -მდე ნახატია გაყიდული, აქედან მრავალ ქვეყანაში კერძო კოლექციებშია…
– „სხვა რაკურსი“ – ყვავილების ლარნაკს აწერია, რომ  ყველაზე დიდი ტილოა თქვენს შემოქმედებაში…
–  ყველაზე დიდი ზომის იყო და იმ ეტაპზე  ასე მეგონა, მაგრამ მას მერე კიდევ უფრო დიდი ტილო „გერგეთის სამება“ დავხატე … აი ის კი ნამდვილად ძალიან მომწონს..
ქვად და ხედ ვიქცევი“… – რა გინდოდათ გეთქვათ ამ ნახატით?
– ეს ნახატი „ქვად და ხედ ვიქცევი“ პროტესტი იყო… პროტესტი ალბათ ცხოვრების კანონზომიერების, დაბადების და სიკვდილის…
ვიდრე მხატვარი გახდებოდით, სპორტსმენი იყავით, შტანგაზე დადიოდით… ტრავმა რომ არ მომხდარიყო, გააგრძელებდით სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშს?
– სპორტით პარალელურად, საკმაოდ დიდხანს, ვიყავი დაკავებული… ამ დროს იშვიათად ვმუშაობდი ჩემს ტილოებთან… ხატმწერადაც ვმუშაობდი.. ალბათ გავაგრძელებდი ვარჯიშს, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა და ვხატავ…
– გვიამბეთ ოჯახზე, შვილებზე… ახლახან გერგეტის სამება დახატეთ, სადაც ჯვარი დაიწერეთ…
– მე და გალინა 1 წლის წინ დავქორწინდით…  ბაღში ერთად დავდიოდით, მერე კი წლების მანძილზე არ გვინახავს ერთმანეთი.  და აი დღეს ცოლ-ქმარი ვართ… დიახ, გერგეტის სამებაში დავიწერეთ ჯვარი და ამიტომ დავხატე ეს ჩემთვის უდიდესი ტილო, რომელიც უკვე გაიყიდა…
 ქართველ  ვან – გოგს გეძახიან…
– ძალიან მანებივრებენ, გადამეტებული მგონია.. ვან-გოგი ჩემთვის მხატვრობაში ღმერთია… ვცდილობ, ფერს სიკაშკაშე მივცე და ადამიანებმა მეტი სიხალისე და ემოცია იგრძნონ.. მეც თავისთავად. ადრე ცოტა განსხვავებული ტილოები მქონდა, მაგრამ რაც ოჯახი შევქმენი, შეიცვალა ჩემი ტილოები…
– რა უფრო გაძლევთ  შთაგონებას – ტკივილი თუ ბედნიერება?
– ორივე ერთნაირად…  ადრე უფრო ტკივილი, ახლა კი ბედნიერება.. უცნაური ასახსნელია და შეუძლებელიც. ორივე დიდი ემოციაა, რაც მახატვინებს…
– შეკვეთებზე არ მუშაობთ…  სხვა მრავალი მხატვრისგან განსხვავებით… რატომ? არადა, ასე დღევანდელობაში ძნელია არსებობს… უჭირს ხელოვანს…
არა, შეკვეთებზე არ ვმუშაობ… ბევრი წერილი მომდის, მაგრამ არასოდეს დავხატავ შეკვეთით… ეს ჩემ თავზე გადახტომა იქნება.. სხვა საქმეს გავაკეთებ, მაგრამ შეკვეთით არასდროს დავხატავ. არ ვიცი, მე რასაც განვიცდი, იმას ვდებ ტილოში და ხალხსაც მოსწონს… ამით ბედნიერი ვარ.
– ხშირად მონაწილეობთ საქველმოქმედო ღონისძიებებში…
–   ადრე ხშირად ვმონაწილეობდი და არაერთ ტილოს ვუძღვნდი, რომლებიც იყიდებოდა.. ამას ჩემთვის ვაკეთებდი. როცა სიკეთეს აკეთებ, უკეთ გრძნობ თავს (მე ასე ვარ)…  საკმაოდ ბევრი იყო… თუმანიშვილის თეატრშიც, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც… გვარი და სახელი არ მახსენდება.. ერთი მსახიობის გადასარჩენადაც იყო…
 საყვარელი ფერი?
– ნაცრისფერის გარდა ყველა ფერი, ყველაზე ძალიან კი წითელი… მაგრამ ამ ბოლო დროს ისე აღარ ვიყენებ.  მძიმე ფერია.
– რამდენი პერსონალური გამოფენა გქონდათ და  სამომავლო გეგმები…
– 3 პერსონალური გამოფენა  და უამრავი ფესტივალი თუ ჯგუფური გამოფენა მქონდა. სამომავლოდ კიდევ ერთხელ უნდა მოვაწყო გაყიდულების გამოფენა, ანუ მომაწვდიან რამდენიმე გაყიდულ ტილოს  და შევკრებ საგამოფენო სივრცეში… ჩემი დაინტერესება ის არის, რომ ხალხმა ნახოს ის გაყიდული ტილოებიც… დღეს მე არ მაქვს ტილო, რომელიც იყიდება… ყველა გაყიდულია… ეს ბედნიერებაცაა და ტკივილიც.

თამარ შაიშმელაშვილი


 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები