ძალადობის მსხვერპლთა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა- რამდენად ხშირია ოჯახური ძალადობა საქართველოში
„ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ ძალადობის მსხვერპლი დედებისა და ბავშვებისთვის თბილისში თავშესაფრის ახალი შენობა გახსნა. შენობა, რომელიც ორგანიზაციას 15-წლიანი ხელშეკრულებით ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა, 20 ადამიანზეა გათვლილი. როგორც „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარემ, ნატო შავლაყაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, შენობა ესტონეთის, პოლონეთის, იაპონიის საელჩოებისა და ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ ფინანსური დახმარებით გარემონტდა, აღიჭურვა და სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
თავშესაფარში ძირითადად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა მასში შესაძლებელია განთავსდნენ ის დედებიც, რომელთაც ბავშვები 10 წელზე მცირე ასაკის ჰყავთ და საცხოვრებლის და სარჩოს გარეშე არიან დარჩენილი.
„ თავშესაფარი 20 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ამ წუთებშიც კი, იქ 24 ქალი და ბავშვია განთავსებული. მათი უმეტესობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ჩვენ გავხდით სახელმწიფო დედათა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ნაწილი, ამიტომ ჩვენთან შეიძლება, მოხვდნენ დედებიც, ათ წლამდე ბავშვებთან ერთად, რომლებიც უსახსროდ არიან, ქუჩაში არიან დარჩენილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენს ოფისში, როგორც თავშესაფარში, ასევე, მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე კრიზისულ ცენტრში, არის საშუალება, ქალბატონებმა მიიღონ იურისტის და ფსიქოლოგის დახმარება. სოციალური მუშაკი ეხმარება მათ ყოფითი პრობლემების გადაჭრაში, დაწყებული საბუთების პრობლემის მოგვარებით, დამთავრებული სამუშაო ადგილის მოძიებით. ვცდილობთ, ვუპოვოთ სამსახური, ვიზრუნოთ მათთვის სხვადასხვა პროფესიის შესწავლაზე. ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია ამ ადამიანების გაძლიერებაზე. ხშირ შემთხვევაში, ისინი ქირაობენ საცხოვრისს. გადადის ერთი ან ორი ერთად. მუშაობას იწყებენ. ხშირად ოჯახში ბრუნდებიან. თუკი ოჯახის გადარჩენა შესაძლებელია, ჩვენ ვცდილობთ, მედიატორის ფუნქცია შევასრულოთ და ოჯახი გადავარჩინოთ“, – განაცხადა ნატო შავლაყაძემ.
შავლაყაძის თქმით, სახელმწიფოს 4 თავშესაფარი აქვს, სადაც, ჯამში, 80 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე, არის სახელმწიფოს კრიზისული ცენტრი, სადაც 15 ადამიანი შეიძლება მოთავსდეს და „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ – ცენტრი, სადაც 20 ადამიანის მოთავსება არის შესაძლებელი. თუმცა, მისივე თქმით, საჭიროება ძალიან დიდია, ყველას მიღება ვერ ხერხდება, ამიტომ ცოტა ხანში, მთავრობა კიდევ ერთი ახალი თავშესაფრის გახსნას აპირებს.
შავლაყაძის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ იმატა. მისი თქმით, ეს ყველა ქვეყანაში აღქმულია დადებით მაჩვენებლად, იმ გაგებით, რომ ადამიანებს რწმენა აქვთ, რომ მათ უფლებებს დაიცავენ.
„ ბევრი ფატალური შემთხვევა მოხდა იმის გამო, რომ საზოგადოება იყო გულგრილი, მსხვერპლებმა კი არ იცოდნენ ვისთვის მიემართათ, მათ რცხვენოდათ ამის ხმამაღლა თქმის. მოიმატა შემაკავებელი ორდერების გამოწერის რიცხვმა. რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, ყველაზე მეტად გავრცელებულია ფსიქოლოგიური ძალადობა. ძალიან ხშირად, თვითონ მათ არ იციან, რომ ისინი არიან მოძალადეები და ისინი არიან მსხვერპლები. ასეთი მოძალადეები თვლიან, რომ თუკი არ სცემენ, ისინი არ არიან მოძალადეები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა და ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა ნატო შავლაყაძემ.