საქართველოს ახალგაზრდა მეტყევეები კიევში IFSA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში (NERM2017) პირველად ჩაერთნენ

საქართველოს ახალგაზრდა მეტყევეთა ასოციაციის ხელმძღვანელები საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინაში, სადაც 2017 წლის 12 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღეს სტუდენტ მეტყევეთა საერთაშორისო ასოციაცია IFSA-ს უკრაინის წარმომადგენლობის კიევის სტუდენტ მეტყევეთა ასოციაცია KFSA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში NERM2017 (ჩრდილოეთ ევროპის რეგიონული შეხვედრა).
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ უკრაინის სატყეო სამსახურების მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურები და სანერგე მეურნეობები. ღონისძიების მონაწილეებს მასპინძლობა გაუწია უკრაინის სიცოცხლისა და გარემოს მეცნიერებათა ეროვნულმა უნივერსიტეტმა, ბოიარკას სატყეო მეურნეობის კვლევის ცენტრმა, უმანის მებაღეობის ეროვნულმა უნივერსიტეტმა, ლვოვის ეროვნული სატყეო უნივერსიტეტმა.
აღნიშნული ღონისძიება ტარდება ყოველწლიურად, ჩრდილოეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ახალგაზრდა მეტყევეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ სხვა ქვეყნის გამოცდილებას და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
საქართველოს ახალგაზრდა მეტყევეთა ასოციაციის წარმომადგენლებს, ღონისძიების ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა, ღონისძიების სხვა მონაწილეებისთვის გაეცნოთ საქართველო და ესაუბრათ ქართველი სტუდენტების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ.
ამავე ღონისძიებაზე, სტუდენტ მეტყევეთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შედეგად, მოხდა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ IFSA-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში საქართველოდან მონაწილეები პირველად იმყოფებოდნენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო დონის ღონისძიებებში ქართველ სტუდენტთა ჩართულობა აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და მეტად პრესტიჟულს გახდის ახალგაზრდებში სატყეო დარგს.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები