„შეგიძლია, აახიო და… გახდე მხატვარი!“ – ვინ არის საჩუქრების პირველი ქართული ონლაინმაღაზია FlipShop.ge-ს ავტორი

თბილისში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ბავშვობიდან ხატავდა. მაგრამ ხატვას არ გაჰყოლიასხვადასხვა გატაცება ჰქონდარამდენიმე ანსამბლში ქალაქურ სიმღერებსაც მღეროდა.
რამდენიმე თვის წინ კი ახალი საქმე წამოიწყო – Flipshop.geის ორიგინალური საჩუქრების სტარტაპის პროდუქციის დამზადება, რომლის ტექნოლოგიაც საქართველოში არ არსებობს. Flipshop.geის დამფუძნებლის, ლუკა ცანავას პერსონა.

– ბავშვობიდან ვხატავდი, მოყვარულის დონეზე მიყვარდა ეკლესიების, ციხე-კოშკების, მზის… დახატვა, მაგრამ მალევე მივატოვე. ახალი ტექნოლოგიით პორტრეტის შექმნის იდეა კი მოგვიანებით გაჩნდა.
– Flipshop.geის ორიგინალური საჩუქრების დამზადების ტექნოლოგიის არსი
– ეს იდეა – ორიგინალური საჩუქრის გაკეთება ახლობლისთვის დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ მინდოდა მომხმარებლისთვის ონლაინმარკეტი შემეთავაზებინა.
Flipshop.ge-ის ორიგინალური საჩუქრების სტარტაპის პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიის არსი ასეთია: ყველას შეუძლია დახატოს თავისი, ან სხვისი – მეგობრის, ახლობლის პორტრეტი. მართალია, ეს გაფერადებით ხდება, მაგრამ ამ პროცესში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ფურცელზე რჩება გრაფიკული ნამუშევარი, მაგრამ ნახატი საკუთარი გემოვნებით გაფერადებული და დამშვენებულია…
რამდენი ხანია, რაც ეს ტექნოლოგია აღმოაჩინეთ?
– დაახლოებით თვენახევრის წინ. მეგობარი გოგონა იყო უკრაინაში, იქ, მეგობართან, შემთხვევით ნახა ეს ტექნოლოგია, რომელიც რუსეთსა და უკრაინაშია გავრცელებული…
რომ დაბრუნდა საქართველოში, მოვძებნეთ ინტერნეტში და მაშინვე დაგვაინტერესა. უმარტივესად იქმნება პორტრეტი. სასაჩუქრედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასურველია. ცოტა მოზრდილისთვის ეს პროცესი – ფუნჯთან და სახატავ ტილოსთან ასოცირდება და შესაბამისად, ბავშვობასთან… ბავშვისთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველია.
გადავიღე რეკლამა, ტექნოლოგია დავხვეწე ისე, როგორც მინდოდა, სანამ სასურველი ხარისხი არ მივიღე.
– Flipshop.ge რატომ დაარქვით?

– Flip არის პორტრეტი, shop – მაღაზია… ეს არ არის მხოლოდ პორტრეტი, მინდა, რომ   საჩუქრების ორიგინალურ ონლაინმაღაზიად ვაქციო, იმიტომ, რომ ყოველთვის არის პრობლემა, რა ვაჩუქოთ ახლობელ ადამიანს. მინდა, ისეთი საიტი შევქმნა, სადაც მომხმარებელი შემოვა და თავისთვის საინტერესო, ორიგინალურ საჩუქარს შეარჩევს, მაგრამ ეს სამომავლოდ იგეგმება. ჯერჯერობით ამის განსახორციელებლად საკმარისი საშუალებები არ გვაქვს.
ვიტყვი იმასაც, რომ პორტრეტის გარდა, იქნება სხვა საჩუქრებიც. ვგეგმავთ პორტრეტის განვითარებას, ფუნქციების დამატებას…
სხვა რა საჩუქრები იქნება?
– ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ისინიც ასეთივე ორიგინალური სტილის იქნება. კურიერი გვეყოლება და პროდუქციას, რასაც მომხმარებელი შეიძენს, ადგილზე მიუტანს.
ონლაინმაღაზია თავიდან იქნება თბილისის მასშტაბით. შემდეგ დაემატება უფრო დიდი ქალაქები – ქუთაისი, ბათუმი და მთელ საქართველოს მოიცავს.
გვიამბეთ პროდუქციის მომსახურებით სარგებლობის პროცესზე?
– პროცესი ასეთია: პირველ რიგში, უნდა მოძებნონ ჩემი ფეისბუქგვერდი და გამომიგზავნონ მეგობრის ან იმ ადამიანის ფოტოსურათი, ვისი დახატვაც სურს. უნდა გამომიგზავნონ სამი ფოტო, რომ მსგავსება იდეალური იყოს, რომ არ ვიხელმძღვანელო ერთი ფოტოთი და ამ სამიდან საუკეთესო ვარიანტი ამოვარჩიო. შემდეგ ორი-სამი დღის განმავლობაში ადგილზე მიუტანენ შეფუთვას, რომელ შეფუთვაშიც მოთავსებული იქნება: თეთრი სახატავი ტილო (შემკვეთის შერჩეული ზომის), 5 ფუნჯი, 5 ფერის საღებავი (ასევე შემკვეთის მიერ შერჩეული) და სახატავი ტილოს ზომის სამონატაჟო ფირი. ამ ფირზე და სახატავ ტილოზე საერთოდ არაფერი არ არის დახატული. ჩვეულებრივი ცარიელი სახატავი ტილოა.
შემდეგ შემკვეთი აფერადებს საკუთარი ფანტაზიით, გემოვნებით. როგორც შემკვეთს უნდა, ისე ხატავს – ხაზებს, სამკუთხედებს, გულებს… ამ შემთხვევაში ტექნოლოგიურად აუცილებელია, რომ თხელ ფენად წაუსვას საღებავი, რომ მალე გაშრეს და ეფექტიც მალე მოახდინოს. შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ საღებავი მშრალი იყოს. ელოდებიან გაშრობას 20-60 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ტილოზე აკრავენ სამონტაჟო ფირს, ააძრობენ (აახევენ) სახატავ ტილოზე მითითებული მიმართულებით და პორტრეტიც მზადაა. სწორედ ამ დროს დგება შედეგი და რეალურად ხვდებიან, რას ხატავდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. ნახატი, სურვილისამებრ, შეუძლიათ ჩარჩოშიც ჩასვან, ამ მომსახურებასაც ვთავაზობ მათ.

ამ პროცესსაახიე და გახდი მხატვარიუწოდეთ
– „აახიე და გახდი მხატვარი“ – მთავარი შედეგი დგება მაშინ, როცა ვახევთ, ახევა ყოველთვის ცუდთან ასოცირდებოდა და ახლა შეგიძლია, აახიო და გახდე მხატვარი! დახატო შენი ან ახლობლის პორტრეტი, ჩემი აზრით, საინტერესოა, მიმზიდველია…
ხუთი ფერი და ფუნჯი რატომ? ..
– ხუთი ფერი იდეალურ კონტრასტს იძლევა. როცა ხუთი ფერით ვხატავთ, საღებავების ერთმანეთში შერევით დამატებით კიდევ სხვა რამდენიმე ფერს ვიღებთ… ხუთივე ფერს ვიყენებთ ხუთი ფუნჯით. წყალს არ ვურევთ და არ ვასველებთ ფუნჯს…
ამ ეტაპზე ვინ არიან ასეთი ნახატის შექმნის მსურველნი?
– მსურველების ძირითადი სეგმენტი 15 წლამდე ბავშვების მშობლები არიან. ასევე – წყვილები. ინდივიდუალურად სხვადასხვა კატეგორიის მსურველებიც არიან.
შეკვეთები?
– უკვე დავიწყეთ შეკვეთებზე მუშაობა. ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად დაბალი ფასებია, თუმცა მასალა მართლა ძვირი ღირს. დღეს საქართველოში ზოგადად სახატავი ატრიბუტიკის – ფუნჯების, საღებავების, ფირის, სახატავი ტილოს… შეძენის პრობლემაა.
როდის გექნებათ ონლაინმაღაზია?
– ვფიქრობ, საახალწლოდ პირველი შეკვეთები ონლაინმაღაზიაში მივიღოთ.
პირველი ხართ საქართველოში, ვინც ეს ტექნოლოგია წამოიწყო

– საქართველოში, მართლაც, პირველი ვარ, ვინც ეს წამოიწყო… სულ მინდოდა, ჩემთვის საინტერესო საქმე მეკეთებიდა და ჩემი ბიზნესი დამეწყო. საბოლოოდ, ეს ძალიან საინტერესო საქმე გამოდგა ჩემთვის, რადგან ტექნოლოგიაც ძალიან მიმზიდველია. ის, რასაც ვაკეთებ, მომწონს.
ზემოთ აღნიშნეთ, რომ ბიზნესი გაინტერესებთამ მხრივ, კიდევ რა წამოწყებაზე გიფიქრიათ?

– სოფლის მეურნეობაზე, რადგან აქ ჩემი ქვეყნის საშველს ვხედავ. მაინტერესებს მეღვინეობა, მევენახეობა, კიდევ ექსპორტის საკითხები. მინდა, რომ ჩვენი ქვეყნიდან ბევრი რამის გატანა შევძლოთ და ხარისხიან პროდუქციას გავუწიოთ პოპულარიზაცია.
მიწევს სხვადასხვა სოფელში სიარული, ძალიან ზარმაცები ვართ. ზარმაცები არიან ახალგაზრდები, ვისზეც რეალურად დგას ქვეყანა. გადართულები არიან გართობის სხვადასხვა საშუალებაზე და არ ცდილობენ შრომას. ჩემი თვალით მინახავს, რომ შრომობენ ბებიები, მშობლები და ახალგაზრდები არა.
ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ძალიან გაჭირვებული წლები გამოვიარეთ, ჩვენს ქვეყანას ჩავარდნა ჰქონდა და დავკარგეთ იმედი… ძალიან გვიჭირს, მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ შრომას და დაველოდოთ შედეგს. ყველას უნდა შედეგი დღეს, ხვალ, ზეგ, მაგრამ ასე უცებ არ მოხდება. უნდა მოვინდომოთ და ვიბრძოლოთ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება დღეს საარსებოდ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ და დავღვაროთ სისხლი, შემდეგ კი ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი და ძლიერი ეკონომიკა დავუტოვოთ.
რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს?
– ყველაზე მარტივ მაგალითს მოვიყვან, საქართველოში არ უნდა გვჭირდებოდეს თურქული პომიდვრის და კიტრის ჭამა, სეზონზეც კი, ზაფხულშიც და შემოდგომაზეც საქართველოში, ძირითადად, თურქული პომიდორი იყიდება. ვფიქრობ, ქართული უფრო ბევრად გემრიელი და ჯანსაღია. შეგვიძლია ელემენტარულით დავიწყოთ, მეფრინველეობა, მიწათმოქმედება არ გვაქვს განვითარებული, ანუ ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაში და დაიწყონ შრომა, სახლში ჯდომით და მთავრობის ქებით ან ლანძღვით საქმე არ კეთდება. შრომამ შექმნა ადამიანი და შრომამვე უნდა გვიშველოს.
თქვენც ხომ აპირებთ სოფლის მეურნეობაში მუშაობას?
– მე მაქვს მიწები იმისთვის, რომ დავიწყო ეს საქმე, შემდეგ შეიძლება გაფართოება. მირჩევნია, დავიწყო პატარა საქმით. მივყვე, მივყვე და ნელ-ნელა განვავითარო.
– კარგია, რომ თბილისში დაბადებული ასე ფიქრობთ სოფელზე
– დიახ, დავიბადე და გავიზარდე თბილისში… მომღერალი, მოქეიფე თბილისელი ვარ, გიტარაზე ვუკრავ და ვმღერი, ძირითადად, ქალაქურ სიმღერებს… ადრე „ქართულ ხმებში“ ვმღეროდი. ასევე – „დარიალში“, ქევხიშვილთან… „შვიდკაცას“ ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ კირვალიძესთანაც ვმღეროდი…

რატომ აღარ გააგრძელეთ სიმღერა?
– დროის ფაქტორის გამო… ახლა უკვე მოყვარული ვარ, სამეგობროში როცა მემღერება, ვმღერი… მაგრამ სიმღერას არასოდეს მივატოვებ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ძალიან მიყვარს. მეგობრებს გვინდა, რომ ანსამბლი ჩამოვაყალიბოთ. დიდი ხანია ვფიქრობთ, ეს არის ჩვენი სურვილიც და მიზანიც. იმედი გვაქვს, გაამართლებს.

რომელი სიმღერა გიყვართ?

– ყველაზე მეტად მიყვარს ზურაბ ბოკუჩავას „ყვითელი ფოთლები“. დათუნა სირბილაძე ასრულებს ამ სიმღერას.
ჰობი?
– ჰობი არის ჩემი ფიქრი. სულ ვფიქრობ და ჰობიც ეგ არის და ჩემი პრობლემაც. ძალიან ვიღლები ამ ფიქრში, არადა მიყვარს…
რაზე ფიქრობთ?
– ძირითადად, მომავალზე. განვითარებაზე, წინსვლაზე. ქვეყნის მომავალიც მაფიქრებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით გაჩერებულები ვართ და წინ ვერ მივდივართ, ღირებულებები ვერ აღვადგინეთ. ვერ შევიყვარეთ ერთმანეთი ქართველმა ხალხმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც რეალურად გვიშველის. სამმილიონნახევარი ვართ და ალბათ 10 ქართველი არ არსებობს დედამიწაზე, ვინც ერთ აზრზეა და ვისაც შეუძლია, რომ ერთი იდეისთვის იბრძოლოს.
არადა იყო დრო, ქუდზე კაცი გამოდიოდა, იბრძოდნენ და მტერს ებრძოდნენ, დღეს ისიც არ ვიცით, რეალურად ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ მეგობარი. ეს არის ჩვენი პრობლემა. იმიტომ რომ ჯერ ერთმანეთს აღვიქვამთ მტრად.
ეს საბჭოთა კავშირიდან შემორჩა ასეთი შეგნება, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. განსხვავებული აზრის გამო შეგვიძლია ჩავქოლოთ და დავამციროთ ადამიანი. აქედან იწყება პრობლემებისთვის სხვადასხვა სახელის დარქმევა, სტატუსების მინიჭება… ეს არის ჩვენი პრობლემა. ვფიქრობ, მომავალი თაობა შეძლებს ჩარჩოებისგან თავის დაღწევას და ბევრად უფრო წარმატებული და საღად მოაზროვნე იქნება.
ვიცი, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ახალ საქმეს იწყებთ
– ახალ რაღაცას ვიწყებ და იმას სიურპრიზად მომავალში სასაუბროდ შემოვინახავ…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები