გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრები ნიდერლანდებში, სამეფო სასახლეში გამოიფინა

2017 წლის მაისში, ქართველი მხატავარი, გიორგი კუხალაშვილი, ჰოლანდიის მხატვრული საგამოფენო წრეების მიწვევით ნიდერლანდებში იმყოფებოდა. 6 მაისს გაიხსნა მხატვრის სოლო გამოფენა ქალაქ ბარნში, Castle Groeneveld-ში, მეთვრამეტე საუკუნის სამეფო სასახლეში, რომელიც ამჟამად კულტურის ცენტრია და არაერთ მნიშვნელოვან არტღონისძიებას მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ მხატვარმა განუცხადა, ეს არის ადგილი, სადაც გამოფენის გამართვა თავად ჰოლანდიელი არტისტებისთვისაც დიდ პრივილეგიას წარმოადგენს.
„ექსპოზიციაზე უამრავმა ხელოვნებისმოყვარემ, კოლექციონერმა, დილერმა და არტკურატორმა მოიყარა თავი. მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და ექსპოზიციის გახსნამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა. მივიღე ძალიან საინტერესო შემოთავაზებები კურატორებისგან“, – განაცხადა გიორგი კუხალაშვილმა.
გიორგი კუხალაშვილის ერთკვირიანი მოგზაურობა ნიდერლანდებში მოიცავდა შეხვედრებს ჰიერონიმუს ბოსხის მუზეუმში (ჰერტოგენბოსი), ხელოვნებათმცოდნე ხრეიჩე ჯაკობსთან, რომელიც კურირებს ბოსხის ნამუშევართა კოლექციას. ასევე  ვან გოგის მუზეუმში (ამსტერდამი) იგი შეხვდა ხელოვნების მკვლევარ, ლიზა სმიტს და გაჩნდა იდეა, რომ მოეწყოს მხატვრის სოლო გამოფენა მუზეუმის გალერეაში, სადაც თანამედროვე არტისტები იფინებიან.
ბელგიაში, გალერეა ID+Art-ში გიორგი კუხალაშვილი შეხვდა მისი ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს, სადაც გაიმართა მისი შემოქმედების და  არტისტული ცხოვრების რამდენიმესაათიანი  განხილვა.
გიორგი კუხალაშვილის შემოქმედებას ჰოლანდიურმა გამოცემამ „Kunst-& Museumkrant“ და პოპულარულმა არტჟურნალმა „Vind“ ვრცელი სტატია მიუძღვნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები