ფარცხალაძის ადვოკატები ლაშა თორდიას „აუდიტორთა ეთიკის კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები მერაბ ჩიქოვანი და გაგი მოსიაშვილი გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას „აუდიტორთა ეთიკის კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ.
როგორც “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ადვოკატებმა აღნიშნეს, თორდიამ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
“გუშინდელი განცხადება, რომელიც გააკეთა გენერალურმა აუდიტორმა და მისმა მოადგილემ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. გუშინდელი მათი განცხადება ემსახურება იმ მიზანს, რომ რამენაირად გაამართლოს საკუთარი ნათქვამი, რომ თავდასხმა მოხდა კონკრეტული შემოწმებისა თუ დასკვნის გამო. ეს ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც აუდიტორმა მისი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ეს ბრიფინგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად”, – განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.
მისი თქმით, მერიას კომპენსაციის გაცემის ვალდებულება 2011-12 წლებში დაეკისრა და მათთვის გაუგებარია, რატომ არ ინტერესდება აუდიტის სამსახური ამ პერიოდით.
შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 12 მაისს მოხდა. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს.
გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშა თორდიას და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები და ვიდეო გუშინ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მისამართით ხელი პირველმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ მოიქნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები