„მომავლის მემკვიდრეობა“: საქართველო-გერმანიის წელთან დაკავშირებით საპოდიუმო დისკუსია გაიმართება

 23 მაისს, 18:30 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში საპოდიუმო დისკუსია გაიმართება, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით გახსნის გერმანიის ფედერაციული რესუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი.
როგორც „კვირას“ გოეთეს ინსტიტუტიდან აცნობეს, დისკუსია 21 აპრილს თბილისში საზეიმოდ გახსნილი საქართველო-გერმანიის წლის (2017) ფარგლებში ჩატარდება. მეგობრობის წელი მიმდინარეობს სლოგანით: „მომავლის მემკვიდრეობა“.
რა არის ის, რაც ასეთ განსაკუთრებულს ხდის გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირებს და რა „მემკვიდრეობა“ გვაქვს მომავლისთვის? – ამ საკითხებთან დაკავშირებით პოდიუმ-დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ და გერმანულ-ქართული ურთიერთობების შესახებ მოხსენებით გამოვლენ:
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე,  გერმანიის ყოფილი ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი,  ოდერის ფრანკფურტის ვიადრინას უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე კარტოზია და  თბილისის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი  ოლივერ რაისნერი.
დისკუსიას გაუძღვება გერმანელი ჟურნალისტი სილვია შტიობერი, რომელიც საქართველოს საკითხებზე ხშირად მუშაობს.
საპოდიუმო დისკუსიის ფორმატში განიხილება ერთობლივი ისტორიის სხვადასხვა ასპექტი და მომავლის პერსპექტივები, რადგან საქართველო-გერმანიის საიუბილეო წლის აღნიშვნის ერთ-ერთი მიზანია სამომავლო თანამშრომლობის პროექტებისათვის ახალი იმპულსების შეძენა.
საქართველო-გერმანიის წლის გამართვას საფუძვლად უდევს სხვადასხვა საიუბილეო თარიღი: 200 წელი პირველი გერმანელი ემიგრანტების საქართველოში ჩამოსვლიდან, 100 წელი გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან (1918), ასევე გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთერთობების აღდგენიდან 25 წელი.
1817 წელს პირველი გერმანელი ემიგრანტების თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალმხრივი და ინტენსიური ურთიერთობები განვითარდა. ემიგრანტებმა საქართველოში დააარსეს დასახლებები: კატარინენფელდი (დღევანდელი ბოლნისი), ალექსანდერდორფი (დღევანდელი ასურეთი) და მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მათ შორის მეღვინეობას.
მე-19 საუკუნეში მათ სხვა გერმანელებიც მოჰყვნენ, რომლებიც ხელოვნებისა თუ სამეცნიერო მიზნით კავკასიის რეგიონში ჩამოვიდნენ. ესენი იყვნენ არქიტექტორები, მხატვრები და მეცნიერები, რომლებიც უმეტესად თბილისში მუშაობდნენ.
1918 წლის 26 მაისს გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1989 წელს ედუარდ შევარდნაძემ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში წვლილი შეიტანა გერმანიის გაერთიანების საქმეში. 1992 წლის აპრილში გერმანიამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთოებები დამოუკიდებელ საქართველოსთან და თბილისში პირველი საელჩო გახსნა.
საქართველოში მრავალი ადამიანი საუბრობს გერმანულად და იცნობს გერმანულ კულტურას. გერმანელები და ქართველები მრავალ სფეროში ძალიან მჭიდროდ, სანდოდ და ურთიერთპატივისცემით თანამშრომლობენ. მომავალ, 2018 წელს, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.
დისკუსიის შემდეგ მისი მონაწილეები მსმენელების შეკითხვებსა და კომენტარებს უპასუხებენ.
მისამართი: ზანდუკელის ქ.16.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები