„სიყვარულის ნექტარი“ – ოპერის თეატრში პრემიერა გაიმართება  

28 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, გაეტანო დონიცეტის ოპერის – „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, მაყურებელი თბილისის ოპერის თეატრში იხილავს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანის, კოლუმბიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ფერნანდო ბოტეროს დადგმის გამორჩეულ ვერსიას, რომლის შთამბეჭდავ სცენოგრაფიასა და ფერადოვნებაშიც ადვილად ამოიცნობა „ბოტერიზმად“ ცნობილი სტილი – ადამიანების, ფიგურების უტრირებული მასშტაბები და ხასიათი.
პროდუქციას თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოადგენს.
28 მაისს „სიყვარულის ნექტარში“ მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული უცხოელი შემსრულებლები: მარიოლა კანტარერო (ადინა), პაბლო კარამანი (ნემორინო), მარიო კასი (ბელკორე), მიკელე პერტუზი (დულკამარა). საპრემიერო სპექტაკლს უდირიჟორებს აღიარებული მაესტრო – ვალტერ ატანაზი.
სპექტაკლები სხვადასხვა შემადგენლობით გაიმართება: 1, 4, 6, 10, 11, 13 და 15 ივნისს;
ოპერის თეატრი მსმენელს სთავაზობს როგორც საღამოს, ისე დღის სპექტაკლებს, კერძოდ: 4, 10 და 11 ივნისს წარმოდგენები დაიწყება 14:00 საათზე.
ფერნანდო ბოტერო: „ლათინოამერიკელს არავითარი საბაბი არ აქვს, აქლემები და ლომები ხატოს, თუ ის ცირკს არ ხატავს… ეს იდეა უეცრად მომივიდა. ვიცოდი, რომ ცირკი ძალიან მიმზიდველი თემა იყო ბევრი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მხატვრისთვის. თავის დროზე ამ თემამ მიიპყრო რენუარის, სერას, ტულუზ-ლოტრეკის, პიკასოს, შაგალის, ლეჟეს და სხვათა ყურადღება, თუმცა მე მას მანამდე არასოდეს შევხებივარ. დავიწყე ფიქრი იმ მრავალრიცხოვან, შესაძლო ნახატებზე და ამ თემის პოეზიაზე, და გადავწყვიტე, რამე გამეკეთებინა. ეს „რამე“ 120 ზეთის საღებავით და 200 ფანქრით შესრულებული ნახატია“.
ოპერაში „სიყვარულის ნექტარი“ თითოეული პერსონაჟის გარეგნული სახე ფერნანდო ბოტეროს ნახატებს ეფუძნება (ცნობილი სერია „ცირკი“) და დონიცეტის მუსიკაზე ცოცხლდება.
კოლუმბიური წარმოშობის ფრანგი მხატვრის ფერნანდო ბოტეროს ნამუშევრები ისეთ მნიშვნელოვან და ხალხმრავალ ადგილებშია განთავსებული, როგორიცაა: ნიუ-იორკის პარკ-ავენიუ, პარიზის ელისეის მინდვრები, ნიუ-იორკის „სოთბის“, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, გუგენჰაიმის (ბილბაოდანიუ-იორკი) მუზეუმები და სხვა.
დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“ – ბოლო ორი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომიკური ოპერა – მსოფლიოს ყველა წამყვანი საოპერო თეატრის რეპერტუარშია. „სიყვარულის ნექტარის“ მსოფლიო პრემიერა მილანის Teatro Cannobiana-ში 1832 წელს, ხოლო თბილისში 1854-55 წლებში შედგა. ნემორინოს პარტიის საუკეთესო შემსრულებლად აღიარებულები არიან: ენრიკო კარუზო, ბენიამინო ჯილი, ფერუჩო ტალიავინი, კარლო ბერგონცი, ლუჩანო პავაროტი და მეთიუ პოლენცანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები