„ღამე მუზეუმში“ – ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, კოტე ხიმშიაშვილი

 27 მაისს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ლიტერატურის მუზუმიდან აცნობეს, ღონისძიებები  აქციის: “ღამე მუზეუმში” ფარგლებში ჩატარდება:
21:00 – ლადო ასათიანის, მირზა გელოვანისა და კოტე ხიმშიაშვილის დაბადებიდან 100
წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. მწერალთა თანამედროვისა და კოტე ხიმშიაშვილის
დის, საბავშვო მწერლის დოდო ხიმშიაშვილის მოგონებები;
21:00 – გამოფენაზე მოწვეული ბავშვები მხატვარ ლევან ხარანაულის ხელმძღვანელობით,
დახატავენ ომისა და მშვიდობის წარმოსახვით სცენებს;
23:00 – მიხეილ მდინარაძე და მუსიკალური ჯგუფი „ბარაკა“ წარმოადგენენ „ანდრეზებს“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სამი მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, ორი უწყებრივი მუზეუმი – ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო მუზეუმი – ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების გალერეა.
დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით – „მოდი, ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.
აქციას „ღამე მუზეუმში“ საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები