წლიური ანგარიში და გამოფენა: ,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“

18 მაისს, ეროვნულ გალერეაში, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მუზეუმის წლიური ანგარიში წარადგინა, ხოლო ჟურნალისტებისათვის მოეწყო ტური გამოფენაზე: ,,XVIII-XX  საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კოლექციებში დაცული XVIII-XX საუკუნეების ქალაქური – თბილისური, აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ, დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის მამაკაცისა და ქალის ჩაცმულობის ნიმუშები. სამოსთან ერთად, გამოიფინა სამკაულები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები – ავეჯი, მუსიკალური საკრავები, საოჯახო ჭურჭელი, ცხენის აღკაზმულობა და სხვა, რაც დამთვალიერებელს ერთიან წარმოდგენას უქმნის საქართველოს რეგიონების ყოფით თავისებურებებზე.
თეიმურაზ II-ის სამეფო კაბა, ნინო გურიელის ქართული კაბა, თეკლა ბატონიშვილის საკერავი მანქანა, კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრე ბარიატინსკის ხალათი, მიხაი ზიჩის მოხატული დაირა, აფხაზი და ინგილო ქალის ჩაცმულობები – ეს იმ ექსპონატთა მცირედი ჩამონათვალია, რომელიც დამთვალიერებლის განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია XVIII-XX საუკუნეების ქართული იარაღ-საჭურველის გამორჩეული კოლექცია, რომელიც განვითარების ეტაპების მიხედვით წარმოაჩენს ქართულ-კავკასიური ტექნოლოგიით დამზადებულ 150-ზე მეტ ეთნოგრაფიულ ექსპონატს. მათ შორისაა სხვადასხვა სახის შემტევი და თავდასაცავი იარაღი: ხმლები, ხანჯლები, ლახტები, გურზები, ჯაჭვის პერანგები, თოფები, კაჟიანი და ფისტონიანი დამბაჩები. კოლტის, ლეფოშეს, გასერის, სმიტ-ვესონისა და ნაგანის სისტემის რევოლვერები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობდა და აქტიურად გამოიყენებოდა XIX საუკუნის საქართველოში.
ფართო საზოგადოებისათვის პირველად გამოიფინა XVIII-XIX საუკუნეების საიმპერატორო მეიარაღის გიორგი ელიზარაშვილის და მთელ კავკასიაში ცნობილი ცივი იარაღის ოსტატის – იდრისის ნახელავი ხანჯლები.
გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მეფე-მთავართა მემორიალურ ნივთებს, ასევე ერეკლე მეორისა და თეიმურაზ მეორის ზარბაზნებს. ექსპონირებულია 2014 წელს, თბილისში, ქვევრში აღმოჩენილი, 192 სმ სიგრძის ზარბაზანი. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ კრწანისის  ბრძოლის დროს დავით ბატონიშვილმა ზარბაზნები ხევში გადაყარა, ,,გადამალა”, რათა მტერს ხელში არ ჩავარდნოდა.
სავარაუდოა, რომ აღნიშნული ზარბაზანიც კრწანისის ბრძოლის დროს უნდა იყოს ქვევრში ,,გადამალული’’.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები