ქუთაისში აკაკი შანიძის 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

19 მაისს, ქუთაისის იუსტიციის სახლში, ქართველი ენათმეცნიერის, აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული არქივის სხვადასხვა ფონდში, მათ შორის აკაკი შანიძის პირად ფონდში დაცული ფოტოები, წერილობითი დოკუმენტები და ხელნაწერები, რომელიც ასახავს აკაკი შანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის  მნიშვნელოვან ეტაპებს.
გამოფენას ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 23 თებერვლიდან 20 აპრილამდე მასპინძლობდა.
აკაკი შანიძე 1887 წლის 26 თებერვალს სოფელ ქვემო ნოღაში დაიბადა. 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი; 1918-1930 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე; 1919-1945 წლებში − ქართული ენის კათედრის გამგე; 1945 წლიდან − ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. გარდაიცვალა 1987 წლის 29 მარტს თბილისში.
სხვადასხვა დროს აკაკი შანიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი.
ენათმეცნიერი არაერთი საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომის, მათ შორის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკის, ავტორია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ძველი ქართული ენის ძეგლების მეცნიერულ-ფილოლოგიური პუბლიკაციის საქმე. მის სახელთან არის დაკავშირებული ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება; სასულიერო და საერო თხზულებების კრიტიკული ტექსტების დადგენა და გამოცემა; საქართველოში ალბანოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის, დაფუძნება. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ნაშრომები ქართული დიალექტების კვლევის საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები