მზის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება – ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინოვაციური ტექნოლოგიები დაინერგა

სადემონსტრაციო პროექტი ,,მზის ენერგიის გამოყენება ცენტრალიზებული მზის ენერგოფერმის საშუალებით ქალაქ ბოლნისში“ წარმატებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა “მზის ენერგოფერმის“ მოწყობა, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას.
პროექტი განხორციელდა ბოლნისის მიერ ევროკავშირის ,,მერთა შეთანხმებით“ აღებული ვალდებულებების ფარგლებში. ენერგოფერმა ,,ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით დამონტაჟდა.
დღეს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროექტის წარმატებით დასრულება პროექტში ჩართულმა მხარეებმა ერთად აღნიშნეს. მზის ენერგოფერმის პრეზენტაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილიც ესწრებოდა.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა სტუმრებს განხორციელებული სამუშაოებისთვის  მადლობა გადაუხადა და მზის ენერგოფერმის პროექტის მნიშვნელობასა და ეფექტურობაზე გაამახვილა ყურადღება.
განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მხარდაჭერით, აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას გაზარდოს კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებები ენერგოეფექტურობისა და სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
,,მოხარულები ვართ, რომ დღეს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის ეფექტურად დასრულებას აღვნიშნავთ, როგორიც არის ბოლნისში ,,მზის ენერგოფერმის“ მოწყობა. პროექტი რომ წარმატებულია ამას ადასტურებს ფერმის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის შედეგად მიღებული ეკონომია. 2016 წლის მონაცემებთან შედარებით , წელს უკვე ოთხ თვეში გვაქვს 68%-იანი ეკონომია. ყოველივე ეს კი გვაძლევს საშუალებას პროექტის გაფართოებაზეც ვიფიქროთ, რაც გულისხმობს მზის პანელების დამატებას ჩვენს საკუთრებაში არსებული სხვა ადმინისტრაციული შენობებისა და გარეგანათების ქსელის ელექტროენერგიით მომარაგებას. მოგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს 28 ენერგოპანელი დამონტაჟებული განახლებული კოსტავას ქუჩის ლამპიონებზე. ბოლნისი არის საქართველოში ერთ-ერთი, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო. მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, Winrock International-ს და ,,ახალი ტექნოლოგიების ცენტრს“ , იმისათვის,  რომ საშუალება მოგვცა ამ პროექტში ჩავრთულიყავით“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები