„ხატე საქართველოსთვის” – მცხეთა საერთაშორისო არტფესტივალს მასპინძლობს

22 მაისს ქალაქ მცხეთაში მეხუთე საერთაშორისო არტფესტივალი „ხატე საქართველოსთვის” გაიხსნება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წლევანდელ ფესტივალში, ისევე როგორც მის დასკვნით გამოფენაში, მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, სირიიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან და საქართველოდან (სულ 24 მხატვარი და სამი საერთაშორისო კურატორი). დეტალური ინფორმაცია მონაწილეების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
ფესტივალის მონაწილეები 5 დღის განმავლობაში იცხოვრებენ მცხეთაში და მის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შექმნიან თავიანთ ნამუშევრებს. ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს შეეძლება 26 მაისს მცხეთის ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეშ გამართულ გამოფენაზე, ხოლო 27 მაისს – საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოეთეკაში.
გარდა გამოფენებისა, ფესტივალის მონაწილეები 22, 23 და 25 მაისს ჩაატარებენ საინტერესო ვორკშოპებს. ვორკშოპები მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, სვეტიცხოვლის მახლობლად გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია VOICE FROM GEORGIA, წელს უკვე მეორედ ფესტივალს მხარს უჭერს „თი-ბი-სი ბანკი“. სპეციალურად უცხოელი სტუმრებისთვის დაგეგმილია კულტურულ-ისტორიული ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი ტურის დროს, მხატვრები ეწვევიან შატო-მუხრანს, სადაც გაიმართება უნიკალური მასტერკლასი ფესტივალის მონაწილე იაპონელი მხატვრისგან. ედგარ ლისარაზუ ღვინით ხატვის საინტერესო ტექნიკის დემონსტრირებას მოახდენს.
„ხატე საქართველოსთვის” 2013 წლიდან ტარდება. ფესტივალის მიზანია საქართველოში საინტერესო კულტურული სიახლეების დანერგვა, ქართველ და უცხოელ მხატვრებს შორის პროფესიული კონტაქტების დამყარება და მრავალმხრივი კულტურული დიალოგების გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები