წიგნის – „ქართლის ცხოვრება” (III) წარდგენა გაიმართება

19 მაისს, 15:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მანანა სანაძის წიგნის “ქართლის ცხოვრება” (III), “ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია” წარდგენა და განხილვა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ შედარებით ბუნდოვან, თუმცა ძალზე მნიშვნელოვან პერიოდს ეხება. აღნიშნული ხანის კვლევის სირთულე, ძირითადად, შესაბამისი წერილობითი ძეგლების, განსაკუთრებით, თანადროული წყაროების ნაკლებობით არის განპირობებული.
ნაშრომის ძირითდი დამახასიათებელი ნიშანი დიდი ხნის მანძილზე სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული ტრადიციების მსხვრევაა. მასში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართველების ეთნოგენეზს, გაედევნება თვალი საქართველოს ტერიტორიაზე საკვლევ პერიოდში მიგრაციულ ტალღებს, კიმერიულ-სკვითური ნაკადის შემოჭრას კავკასიაში სხვადსხვა დროს, მათი განსახლების არეალს და მონაწილეობას ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში.
წიგნში ასევე ფართოდაა გაანხილული ისტორიული გეოგრაფიის საკითხები და სხვადასხვა დროის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა.
აღსანიშნავია, რომ წიგნში ისტორია და წყაროთმცოდნეობა ერთნაირი მოცულობითაა წარმოდგენილი. ავტორი მუდმივად ყურადღებას იჩენს წყაროების მიმართ და მათ მხოლოდ ყოველმხრივი კრიტიკული ანალიზის შემდეგ იყენებს.
ნაშრომი ბევრი საკამათო საკითხის ახლებურ გააზრებას გვთავაზობს, რის გამოც იგი კარგი დამხმარე იქნება ანტიკური ხანის და ადრე შუასაუკუნეების და ახლო აღმოსავლეთის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევართა და მკითხველთათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები