ბელორუსი ხელოვანების გამოფენა – ,,დიფუზიის სივრცე” გაიხსნება

17 მაისს, 18:00 საათზე,  თბილისის ისტორიის მუზეუმი,  ბელორუსი ხელოვანების გამოფენას ,,დიფუზიის სივრცეს” უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, გამოფენა მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.
გამოფენა ხორციელდება პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.
გამოფენა ,,დიფუზიის სივრცე” საშუალებას მისცემს ქართველ დამთვალიერებელს, 13 ხელოვანის შემოქმედების წყალობით გაიცნოს ბელორუსი ხალხი და მათი ქვეყანა.
გამოფენა ფოკუსირებულია რეალობის სწორად აღქმაზე – ,,რა გვეჩვენება და რა არის სინამდვილეში”; რას წარმოადგენს ეს ,,დოკუმენტური მასალა” და ,,რა კულტურულ იდენტობაზე, რომელ სოციალურ და მხატვრულ პროცესებზე მიანიშნებს ესა თუ ის გამონათქვამი?” – არტისტების აზრით, ბელორუსიის კულტურაში ეს ნიშნები არცთუ ნათელი და ხშირად მოჩვენებითია.
პროექტი ეძღვნება სიტუაციებს, როდესაც ხელოვანთა ნამუშევრები ცრუ ინტერპრეტაციას იძენენ და სხვა მნიშვნელობით აღიქმებიან. ეს გამოფენა კი მოიცავს ღია გზავნილებს – ნამუშევრები თავად საუბრობენ საკუთარ თავზე. პროექტი დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, შეიცნოს თანამედროვე ხელოვნების ახალი ასპექტები, გაეცნოს სინამდვილის ასახვის, მასზე რეაგირების ცალკეულ შემთხვევებს თანამედროვე ბელორუსი ხელოვანების ნამუშევრების მაგალითზე. გამოფენა 2017 წლის 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა №8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები