„გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები” – გამოფენა გაიხსნება
19 მაისს, 14:00 საათზე, სიღნაღის მუზეუმში, გაიხსნება გამოფენა: „გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები”. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.
2017 წელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების საიუბილეო წელია. ამ მოვლენას ორივე ქვეყანა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი გერმანელი მხატვრების გამოფენაზე ახლა უკვე სიღნაღში ეპატიჟება დამთვალიერებელს.
ქართველებსა და გერმანელებს შორის მჭიდრო კავშირი 200 წელია გრძელდება. ურთიერთობები მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში პირველად ჩამოასახლეს გერმანელები, რომლებიც სოფლის მეურნეობითა და ხელოსნობით დაკავდნენ. საქართველო ასევე იზიდავდათ გერმანელ სწავლულებს, არქიტექტორებს, ლიტერატორებს, ხელოვანებსა და საქმიანი წრეების სხვა წარმომადგენლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ სწორედ გერმანელი ბუნებისმეტყველისა და ეთნოგრაფის, გუსტავ რადეს თაოსნობით, 1965 წელს დაარსდა „კავკასიის მუზეუმი”. ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწეობდნენ გერმანელ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა გამორჩეული წარმომადგენლები, მათ შორის მხატვრები, მკვლევრები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს იმდროინდელი ქართული კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაში.
საგულისხმოა, რომ კავკასიის რეგიონი და საქართველო ცნობილი გერმანელი მხატვრების ყურადღებას იქცევდა. გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების შემოქმედებას: პაულ ფრანკენის, თეოდორ ჰორშელტის, რიჰარდ ზომერის, ოსკარ შმერლინგის, ბორის ფოგელის, ირინა შტენბერგის, ალექსანდრე ზალცმანის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.
ტრადიციების ლოგიკური გაგრძელებაა ის ერთობლივი პროექტები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი გასულ წლებში ახორციელებდა გერმანელ პარტნიორებთან ერთად. მათ შორისაა პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი, ზენკენბერგის მუზეუმი, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის სამთო მუზეუმი და სხვა.
მისამართი: სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.