ქართული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ საფრანგეთის კინოთეატრებში გამოვიდა

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” საფრანგეთში გამოვიდა. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფილმის ნახვა მაყურებელს საფრანგეთის 69 ქალაქის 80 კინოთეატრში შეუძლია.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმის საერთაშორისო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.
მოგვიანებით ფილმი სოფიას კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა, ხოლო ჰონგ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან- პრი გადაეცა.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ლეჩეს კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. საუკეთესო ფილმის წოდების გარდა იგი ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების, FIPRESCI-ს პრიზის მფლობელიც გახდა.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია “ნეტფლიქსმა” შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.
ფილმის პრემიერა საქართველოში სექტემბერში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები