„ფრანგული სიმღერა და ორი გიტარა“ – კონცერტი, რომელიც გამოგზაურებთ

26 მაისს, 20:00 საათზე, „ბექსთეიჯ 76“-ში ფრანგული სიმღერის კონცერტი გაიმართება.
„ფრანგული სიმღერა, ორი გიტარა, რომელიც გვიწვევს სამოგზაუროდ, იქ, სადაც სიმშვიდეა, სილამაზე, სიყვარული, ვნება და ბედნიერება“… – აცხადებენ ორგანიზატორები.
მსმენელის წინაშე წარდგება დუეტი –  მსახიობი და მომღერალი თამუნა მგალობლიშვილი და მუსიკოსი დავით ხოსიტაშვილი.
„იმის მიუხედავად, რომ ქართული სიმღერებიც მაქვს, ამჯერად მხოლოდ ფრანგულ სიმღერებზე შევჩერდით. ერთი-ორი სიმღერის გარდა, ტექსტები და მუსიკა ჩემი დაწერილია და ყოველ სიმღერას თავისი ისტორია აქვს. ძირითადად, ორ გიტარაზე შესრულდება ყველაფერი“, – ამბობს თამუნა მგლობლიშვილი.
თამუნა მგალობლიშვილი:  37 წლის. მსახიობი, რომელიც მღერის. 2003 წელს წავიდა საფრანგეთში, რათა სწავლა თეატრის განხრით გაეგრძელებინა. იქ მოღვაწეობდა, როგორც მსახიობი და მომღერალი 10 წლის განმავლობაში. საქართველოში წელიწადნახევრის წინ დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ წელს შეძლო სცენას დაბრუნებოდა. საფრანგეთში ყოფნისას ფრანგულად დაიწყო სიმღერების წერა.
ამბობს, რომ  ამის მიუხედავად, იქ მაინც უფრო ქართულად მღეროდა, აქ კი პირიქით.
დათო ხოსიტაშვილი ერთი წლის წინ გაიცნო, მას შემდეგ მეგობრობენ.
„ერთხელ როდესაც ჩემი ერთ-ერთი სიმღერა მოისმინა, მოეწონა. გადავწყვიტეთ, ერთად შეგვექმნა რამე საინტერესო და განსხვავებული. დათო უნიჭიერესი ადამიანია. მასთან მუშაობა იმდენად მოულოდნელობებით სავსე და სასიამოვნოა, რომ მუშაობისას დროს ვერ ვგრძნობთ. შეიძლება ითქვას, რომ მან ჩემს ფრანგულ სიმღერებს ახალი სული შთაბერა“.
დავით ხოსიტაშვილი: კლასიკური გიტარის შემსრულებელთა რესპუბლიკური კონკურსის დამფუძნებელი და ჟიურის წევრი.
რადიო „მუზას“ ტექნიკური მენეჯერი – ჩაწერა 500- ზე მეტი ცოცხალი კონცერტი, მათ შორის სიმფონიური, საოპერო, კამერული, ფოლკ და ჯაზკონცერტები.
გამოიცა ათამდე ალბომი მის მიერ ჩაწერილი მუსიკით, მათ შორის – ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით შესრულებული ნაწარმოებები, სახელმწიფო კამერული ორკესტრის „სინფონიეტას“ მიერ შესრულებული ნაწარმოებები, პატრიარქის ნაწარმოებები და სხვ.
დავით ხოსიტაშვილი არის ხმის რეჟისორი, რომელიც სხვადასხვა ანსამბლში უკრავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები