“ქართველ მეწარმეებს ჩინეთში იმპორტისთვის გათვალისწინებული ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ”

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში, ქართველ მეწარმეებს, იმპორტისთვის გათვალისწინებული ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ.
როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბიზნესმენებისთვის დამატებითი ბაზრის ათვისების შესაძლებლობა ჩნდება, ხოლო ხელისუფლების ვალია სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის შესაძლებლობები შექმნას.
“ხელშეკრულებაში შეგვიძლია დავინახოთ ის პოზიტივი, რომ ჩინეთში მეტი პროდუქტის გატანა იქნება შესაძლებელი, ან უკვე რაც გადის, მასზე ფასწარმოქმნა იქნება გაცილებით ხელსაყრელი ქართველი მეწარმეებისთვის. ეს ფაქტი პოზიტიურად აისახება ექსპორტზე. ასევე, საინტერესო სიგნალია, როგორც შიდა ისე გარე ინვესტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ ხელშეკრულებას”,- აღნიშნა ლევან კობერიძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოპონენტების მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ამ ხელშეკრულების გაფორმებით საქართველოში ჩინური პროდუქციის იმპორტი გაიზრდება, რაც შესაძლოა დადებითად არ აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე.
“ზოგიერთმა ოპონენტის მოსაზრებით, ორმხრივი ხელშეკრულება გულისხმობს იმას, რომ ჩინური პროდუქციის იმპორტი გაიზრდება და რამდენად არის ეს ჩვენი ეკონომიკისათვის პოზიტივი. თუმცა, პასუხი მარტივია – ჩინური პროდუქცია საქართველოში ახლაც ძალიან მარტივად შემოდის. ხელშეკრულება დრამატულ ცვლილებას არ გამოიწვევს, პირიქით, უნდა დავინახოთ ის, რომ საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე ძალიან ცოტა პროდუქცია გადიოდა, ახლა კი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება. ჩინეთში ჩვენი პროდუქციის იმპორტისთვის გადასახადები აქამდე საკმაოდ დიდი იყო, რაც ამ ხელშეკრულების პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდება”,- განაცხადა ლევან კობერიძემ.
დეპუტატისთვის უცნობია, როდის ამოქმედდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცვლილებები, თუმცა ამბობს, რომ ეს უახლოეს მომავალში იქნება.
13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.
ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, ბრენდები, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი სრულად, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში – 7 თვეში დასრულდა.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები