საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქის გაძევება განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოდან გაძევებულ იქნა – თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის, კოლუმბიის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიისა და ნიგერიის – ჯამში 21 მოქალაქე.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს, ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.