დავით სონღულაშვილი: მივესალმებით უნგრეთის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულებაში

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ბუდაპეშტში გამართულ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო.

როგორც დავით სონღულაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებთ მტკიცე ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები.

„ჩვენი თანამშრომლობა ბოლო წლებში ყველა დონეზე ინტენსიურად ვითარდება, მათ შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით. 2025 წლის აპრილში წარმატებით ჩატარდა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, ბიზნესფორუმი და დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. აღნიშნული მოწმობს, რომ ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ურთიერთობა აისახოს ხელშესახებ შედეგებში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობის წევრებს აქტიური და ქმედითი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით.

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში. აღნიშნული მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის სტანდარტები“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, მათ შორის სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების გზით.

„ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ქართველ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, უნგრეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლონ აგრარული და გარემოსდაცვითი სფეროების მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველო და უნგრეთი შეძლებენ ახალი შესაძლებლობების ათვისებას როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის სფეროებში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები