ეკა სეფაშვილი: თუ ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შედეგებს გავაერთიანებთ, ვნახავთ, რომ მათ მხოლოდ 38% მიიღეს – თუნდაც ხვალ რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რისი იმედი აქვთ?
„ე.წ. ოპოზიცია თავის ჩვეულ ამპლუაშია – დადის საზღვარგარეთ, კარდაკარ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს საქართველოს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ოქტომბრის არჩევნებში შედეგი ვერ აჩვენა და მით უმეტეს, ახლა, როცა მომხრეები დღითი დღე აკლდებათ, რიგგარეშე არჩევნებს ტყუილად ითხოვენ.
„ამ ეტაპზეც, წასულები არიან საზღვარგარეთ იმისთვის, რომ ზეწოლა გაძლიერდეს საქართველოზე, რათა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და აბსურდული მოთხოვნაა, რადგან, რომც დაინიშნოს არჩევნები, რისი იმედი აქვთ? როდესაც 2024 წლის ოქტომბერში არჩევნები გაიმართა, ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები დიდი აღფრთოვანებით საუბრობდნენ იმ ელექტრონულ სისტემაზე, რომლითაც არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ასევე, ძალიან გახარებულები იყვნენ ხალხის მობილიზებით და დარწმუნებულები იყვნენ მოგებაში. ამაში დარწმუნებულები იყვნენ, რადგან მათ ზოგიერთი საერთაშორისო აქტორი დიდი დოზით ეხმარებოდა, ასევე, ზოგიერთი მათგანის წინასაარჩევნო კამპანია უცხოური ფულით იყო დაფინანსებული, რაც არჩევნებში მოგების იმედს აძლევდათ. ამიტომ, როცა არჩევნების შედეგები გამოცხადდა, პირველ წუთებში ვერც მიხვდნენ, რომ წააგეს, იმდენად იყვნენ დარწმუნებულები გამარჯვებაში. შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო 54%, მაშინ, როცა, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო 11%. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შედეგებს გავაერთიანებთ, მათი საერთო შედეგი 38%-ია. ამ შემთხვევაშიც კი გამანადგურებელი დამარცხება იგემეს და ახლა, როცა, ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ აკლდებათ მომხრეები, თუნდაც ხვალ რომ დაინიშნოს არჩევნები, რისი იმედი აქვთ?“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.