დავით ქართველიშვილი: ჩვენ ვართ დღეს მაგალითი იმ სიჯიუტის, რომელმაც შეიძლება დაამარცხოს გოლიათი, ჩვენ ვართ ზუსტად ის პატარა დავითი

„დიფ სთეითის“ გეგმებისადმი გაწეული წინააღმდეგობა მძლავრობს ევროპაში, მაგრამ შეიძლება ისეთი ტემპით არა, როგორც ეს საქმეს სჭირდება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა მოჰყვეს „დიფ სთეითის“ კორპორაციულ მმართველობას.

დავით ქართველიშვილმა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარა ქვეყანა თავისი ბრძოლისუნარიანობით და წინააღმდეგობით მაგალითია ბევრი ევროპული სახელმწიფოსათვის იმის, თუ როგორ შეიძლება ერმა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და სუვერენიტეტი.

„ჩვენ ვლაპარაკობთ იმ გეგმებსა და სტრატეგიულ ამოცანებზე, რომელიც ამოძრავებს „დიფ სთეითს“. მაგრამ პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის გარკვეულ ქვეყნებში მეტ-ნაკლები სიძლიერით ის საზოგადოება, რომელსაც ჩვენ კონსერვატორებს და ტრადიციონალისტებს ვეძახით, უპირდაპირდება მას. წელს მაგალითად ისე არ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ეს „დიფ სთეითს“ ჰქონდა ჩაფიქრებული. ჯეიდი ვენსის კრიტიკის საფუძველი გახდა რუმინეთში განვითარებული საშინელი დანაშაული, როცა ამერიკის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა, რათა გაემხნევებინა და წაეხალისებინა რუმინელი ამომრჩევლები, რომელსაც წაართვეს მათ მიერ გაკეთებული არჩევანი. „დიფ სთეითის“ გეგმებისადმი გაწეული წინააღმდეგობა მძლავრობს ევროპაში. შეიძლება ისეთი ტემპით არა, როგორც ეს საქმეს სჭირდება, იმიტომ, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა, სანამ ევროპას და ევროპულ ცივილიზაციას ეძინა „დიფ სთეითის“ აგენტოკრატების, მათი მარიონეტების და ლაქიების ქვეშ. ამის აღმოფხვრა ერთ-ორ წელიწადში ძალიან ძნელია, მაგრამ კარგია, რომ ევროპაში, მათ შორის ბრიტანეთში, ნიდერლანდებში ეს პროცესები მეტ-ნაკლებად მიმდინარეობს, რუმინეთსა და სლოვაკეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ძალიან კერკეტი კაკალია „დიფ სთეითისთვის“ იგივე სერბეთი, რომელიც იუგოსლავიის განადგურების დროს გადაურჩა საბოლოო მოსპობას და დღეს ბალკანეთზე ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ევროპული სახელმწიფოა.

ჩვენისთანა პატარა ქვეყანა „დიფ სთეითის“ მთავარი სამიზნეა, იმიტომ, რომ სწორედ პატარა ქვეყნების პოზიციები ჩვენზე გაცილებით მძლავრ ქვეყნებს აძლევს მაგალითს იმის, რომ „დიფ სთეითის“ გამკლავებაც და დამარცხებაც შესაძლებელია, თუკი ქვეყანა არ გადაუხვევს იმ მთავარ ფასეულობებს, რასაც ჰქვია სარწმუნოება, ტრადიციები, ოჯახური ფასეულობები, ის ყველაფერი, რაც დაკნინებული და მოშლილია ევროპის კონტინენტზე. საქართველოში ეს ღირებულებები შენარჩუნებულია. გამონაკლისია ის ერთი მესამედი მოსახლეობისა, რომელმაც ვერ გაუძლო ამ ბრძოლას და სააკაშვილის დროს მოხდა მათი გენმოდიფიცირება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დღეს უმრავლესობა მოსახლეობის (ამას მოწმობს თუნდაც 17 მაისის ყოველწლიური მასშტაბური გამოსვლები) მთელ მსოფლიოს აჩვენებს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება პატარა ქვეყანამ გაუძლოს შემოტევას, რომელიც ამ ფასეულობების განადგურებისკენაა მომართული, რათა ჩვენგანაც მიიღონ არა მოქალაქეები და არა ქართველები, არამედ ბიომასა, რომელიც ადვილად მართვადი იქნება.

ჩვენ ვართ დღეს მაგალითი იმ სიჯიუტის, რომელმაც შეიძლება დაამარცხოს გოლიათი. ჩვენ ვართ ზუსტად ის პატარა დავითი. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მაგალითი იწვევს ჩვენი მოწინააღმდეგეების უკიდურეს გაღიზიანებას“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები