ეკა სეფაშვილი: საქართველოში პოლიტპატიმრები დიდი ხანია არ არსებობენ და ოპოზიციის ბრალდებები გამიზნულია იმისათვის, რომ საქართველოს რეპუტაციას ჩრდილი მიადგეს
საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ ოპოზიციის ბრალდებას ეხმიანება „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში 2012 წლიდან პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციის მიერ გაჟღერებული მსგავსი ბრალდებები ქვეყნის რეპუტაციის შელახვას ემსახურება.
ეკა სეფაშვილის თქმით, პოლიტიკოსი თავად უნდა იყოს კანონის დამცველი და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი დაუსჯელობა, იმიტომ, რომ ის პოლიტიკოსია, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპს.
„საქართველოში პოლიტპატიმრები დიდი ხანია არ არსებობენ. ეს ბრალდებები, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გამიზნულია იმისათვის, რომ საქართველოს რეპუტაციას მიაყენონ ჩრდილი და ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს თუ ბიუროკრატს მისცენ სალაპარაკო მასალა. გავიხსენებ ე.წ. „მეგობარ აქტს“, სადაც სწორედ აბსურდულ, თითიდან გამოწოვილ და ხელოვნურად შექმნილ მიზეზებზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული. ეს ხალხი, რომელიც პასუხისგებაში არის მიცემული, რა თქმა უნდა, არ არიან პოლიტპატიმრები და დაჭერილი არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კონკრეტული ქმედებებისათვის – ძალადობისათვის, ქონების დაზიანებისათვის და ასე შემდეგ.
მე გავიხსენებ 2023 წელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება. იქ წერია, რომ დაუშვებელია რომელიმე პოლიტიკოსმა პოლიტიკური მიზეზების გამო უარი თქვას კანონების შესრულებაზე. ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. როგორც სტრასბურგის მოსამართლეები მიუთითებენ, ეს გამოიწვევს მთელი სისტემის თავდაყირა დაყენებას ნებისმიერ ქვეყანაში. ახლაც, აღნიშნულ ვითარებაში, რადიკალები ცდილობენ სხვადასხვა მოძალადეები, რომლებმაც, სხვათა შორის, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან წაქეზებით (იგივე დასავლელი ზოგიერთი აქტორების წაქეზებით) ჩაიდინეს რეალური კონკრეტული დანაშაული, გაამართლონ. ისინი იძულებული არიან პასუხი აგონ კანონის წინაშე, მაშინ როდესაც ლიდერები დასეირნობენ საზღვარგარეთ, ბრიუსელში და ისევ და ისევ მავნებლობენ ქვეყნის წინააღმდეგ.
პოლიტიკური მიზეზი ვერ იქნება ვერც ის, რომ ზოგიერთი ლიდერი უარს ამბობს საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. როგორც ჩანს, მათ ძალიან ეშინიათ, თუნდაც ინტერვიუს ფორმით, პასუხი გასცენ იმ კითხვას, რაც კომისიას გააჩნია და არჩიეს ციხეში ჩაჯდომა, რათა კიდევ ერთი, ვითომ დაძაბულობის კერა შეექმნათ. ანუ, მათი წარმოდგენით, რადგან პოლიტიკოსი არის ციხეში, ეს ნიშნავს, რომ ის პოლიტპატიმარია. სინამდვილეში მათ რეალურად კანონი აქვთ დარღვეული“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.