“საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა”

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საერთაშორისო ინვესტიციების, ვაჭრობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებისთვის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ განაცხადა, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ასევე, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2015 წლის მარტში დაიწყო, როდესაც მაშინდელმა ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით შესაძლებლობების შესწავლის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მინდა როგორც ქართულ, ისე ჩინურ ბიზნესს მივულოცო ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება“, – განაცხადა ხელმოწერის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაეხსნება, რომელიც დაახლოებით, 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. გასული წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით, მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ხელშეკრულების ფარგლებში, ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით, 94% საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და სხვა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში – შვიდ თვეში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები