ჩარლი კირკის მეუღლე – მკვლელზე: მე მას ვპატიობ
კვირას, 21 სექტემბერს, State Farm Stadium-ში კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ასევე ოჯახის წევრები და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები.
კირკის მეუღლემ, ერიკა კირკმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და მკვლელის მიმართ შეწყალება გამოხატა.
“მე მას ვაპატიებ, რადგან სწორედ ასე მოიქცა ქრისტე. სიძულვილის პასუხი სიძულვილი არ არის”, – აღნიშნა კირკის მეუღლემ.
ტრამპმა კირკის მკვლელობაში “რადიკალი მემარცხენეები” დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, აქტივისტი იმის გამო მოკლეს, რომ ის სიმართლეს საუბრობდა.
“ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი გონება, თავისი თაობის გიგანტი და უპირველეს ყოვლისა, ქმარი, მამა, შვილი, ქრისტიანი და თავდადებული პატრიოტი. ახლა ის ამერიკის თავისუფლებისთვის მოწამეა. იარაღი მისკენ იყო მიმართული, თუმცა ტყვია – ყველასკენ” – თქვა ტრამპმა.
ღონისძიების მთავარი გზავნილი კირკის საქმიანობის გაგრძელება და კონსერვატიული ღირებულებების გავრცელება იყო. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მის როლს ამერიკული ახალგაზრდობის მობილიზებაში და პოლიტიკურ აქტივიზმში.
როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიღებული იყო.