ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო

ბაბუშერას ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი, დაღუპულთა საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

ბაბუშერაში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები, მოხალისეთა ორგანიზაციის – ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.

„დღეს, კიდევ ერთხელ მინდა, სამძიმარი ვუთხრა დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას. გმირების სახელები უკვდავყოფილია. აქ, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, გადმოსვენებულია სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული და იმ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი თანამებრძოლების ნეშტები. ესეც უდიდესი ჩართულობა იყო, როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე წითელი ჯვრის შემადგენლობის. თითოეულ მათგანს მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენი გმირების ნეშტები დაუბრუნდა ოჯახებს… ეს ადგილი კიდევ ერთი სიმბოლიკაა იმის, რომ ერთად ყოფნას, ერთად ბრძოლას, ყოველთვის აქვს აზრი და ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი,” -განაცხადა კობა კობალაძემ.

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფი 100-ზე მეტი მგზავრიდან, მხოლოდ 20-მდე პირი გადარჩა, დანარჩენი კი _დაიღუპა. მათი ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან, ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა; 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, ბაბუშერას ძმათა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა სამარხების გახსნა, ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება. გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ბაბუშერას ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტები, დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა იდენტიფიცირებისა და მათი გადმოსვენებისთვის, სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობა კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები