საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა, ჟონგ შანმა მოაწერეს ხელი.
ჩინეთს მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული. დღეიდან, მათ სიას საქართველოც შეემატება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაეხსნება, რომელიც დაახლოებით, 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.
საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. გასული წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით, მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით – მე-3 ადგილზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.
ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორისაა.
ხელშეკრულების ფარგლებში, ჩინეთში იმპორტირებისას, ქართული პროდუქციის დაახლოებით, 94% საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და სხვა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში – შვიდ თვეში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები