გიორგი კვირიკაშვილი: ესტონეთი არის მისაბაძი მაგალითი საქართველოსთვის

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ესტონელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრესისადმი საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი მიმართვისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის ახლახან დამტკიცებული უვიზო რეჟიმი კიდევ უფრო გაააქტიურებს ადამიანებს შორის კონტაქტებს.
”2017 წელი მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვისაც, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და მტკიცე პარტნიორობის შედეგები თავადვე მეტყველებენ ჩვენს წარმატებაზე. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, რის შედეგად იზრდება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისი სტატისტიკა – გასულ წელს დაფიქსირდა 21-პროცენტიანი ზრდა. ჩვენ მივესალმებით ესტონური ინვესტიციების ზრდას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, ასევე – ესტონეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ესტონელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთათვის ახლახან დამტკიცებული უვიზო რეჟიმი კიდევ უფრო გაააქტიურებს ადამიანებს შორის კონტაქტებს. გარდა ამისა, ის საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ესტონეთის მაგალითზე თავად გაეცნონ ევროინტეგრაციის დადებით შედეგებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი არის მისაბაძი მაგალითი საქართველოსთვის.
”ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სრულ თანხმობაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან – საგადასახადო რეფორმა, რომელიც ხორციელდება ესტონური მოდელის საფუძველზე და უკვე წარმატებით უზრუნველყოფს ახალი დინამიკის შემოტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში; მეწარმეობის ხელშეწყობა, ელექტრონული მმართველობა, საგანმანათლებლო რეფორმა. ამავდროულად, ხშირად ხორციელდება ჩვენს უწყებებსა და შესაბამის სამინისტროებს შორის მაღალი რანგის ვიზიტები და უპრეცედენტო თანამშრომლობა. ესტონელი ექსპერტები მუშაობენ თითქმის ყველა სფეროში და წვლილი შეაქვთ ჩვენი საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდაში. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ესტონეთს განათლების მისაღებად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ეს სტუდენტები გახდებიან მომავალში ესტონეთის კულტურის ელჩები საქართველოში. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ესტონეთი არის მისაბაძი მაგალითი საქართველოსთვის. მოგახსენებთ დიდ მადლობას მეგობრობისა და პარტნიორობისთვის ამ წლების განმავლობაში, ასევე ჩვენი ყველა ძალისხმევის მხარდაჭერისთვის, ნატოში ინტეგრაციის დღის წესრიგის ჩათვლით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები