„პრემიერის ვიზიტი მოწმობს, რომ აშშ-ის ეს ადმინისტრაცია, წინამორბედის მსგავსად, საქართველოსთან ურთიერთობას უფრთხილდება“

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ამჟამად ამერიკის “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარი ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი საქართველოს პრემიერ-მინსიტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ძალიან წარმატებულს უწოდებს. მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მთავრობის სხვადასხვა უწყებაში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები გამართა და პირისპირ შეხვდა პრეზიდენტს, ადასტურებს, რომ აშშ-ის ეს ადმინისტრაცია, წინამორბედის მსგავსად, საქართველოსთან ურთიერთობას უფრთხილდება.
„შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ურთიერთობა მყარია და ადმინისტრაციათა ცვლილება მას არ ეხება“, – აღნიშნავს ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი.
მისი თქმით, ის, რომ ბოლო ხანს, ადმინისტრაციამ და კონგრესმა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, წარმოადგენს იმ სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც დიდი ხანია, ვითარდება.
„შეერთებული შტატები საქართველოს საიმედო მეგობარია, ყოველთვის მხარს უჭერდა მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. წლების გასვლასთან ერთად, ეს ურთიერთობა სულ უფრო მყარდება. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მეგობრები კონგრესში. ის, რომ კონგრესის წერილში საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა გამოხატული, კიდევ ერთი ნიშანია იმ მძლავრი თანადგომისა, რომელიც აშშ-ს საქართველოს მიმართ ყოველთვის გააჩნდა. აღნიშვნის ღირსია, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ, უკანასკნელი საბიუჯეტო კანონის განხილვისას, სრულიად გარკვევით დააფიქსირეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაუშვებს, აშშ-ის ფინანსური დახმარება მიიღონ ქვეყნებმა ან ორგანიზაციებმა, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებენ. ეს ღირშესანიშნავი გარემოებაა და ამავე დროს, იმ ტენდენციის გაგრძელება, რაც აშშ-ისა და საქართველოს 25-წლიან თანამშრომლობას ახლავს“, -აცხადებს ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი.
კითხვაზე: რა გზავნილი გაეგზავნა მოსკოვს საქართველოს პრემიერის ვაშინგტონში წარმატებული სტუმრობით, ჰოლ-ჰოლი შემდეგნაირად პასუხობს: „გზავნილი ისაა, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გრძელდება, რომ ეს ურთიერთობები ადმინისტრაციათა ცვლილებაზე დამოკიდებული არაა და რომ ეს ადმინისტრაციაც სერიოზულად უყურებს რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას“, -აცხადებს ჰოლ-ჰოლი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები