რატომ გაიზარდა რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის საფასური – საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განმარტება

„თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავრობისა და ცენტრალური მთავრობის ჩართულობით, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის მოსახლეობას 3 წლის განმავლობაში, ტრანსპორტის საფასური არ გაუძვირდება“, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ განაცხადა.
თუმცა, საბაგიროს ტარიფი შეიცვალა. კობახიძის თქმით, მთავრობის ინიციატივით, თბილისის ორივე საბაგიროზე, როგორც კუს ტბის, ისე რიყე ნარიყალას მიმართულებით მგზავრობის ტარიფი 2 ლარამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა იურიდიული კომისიის ინიციტივით, კობახიძის თქმით, გამოინახა,ოქროს შუალედი – გაძვირდა მხოლოდ რიყე-ნარიყალას საბაგირო, კუს ტბის საბაგიროს ფასი კი უცვლელი დარჩა.
მისივე განმარტებით, ეს მტკივნეულად არ აისახება მოსახლეობაზე, რადგან რიყე-ნარიყალას მიმართულებით მგზავრების 80% ტურისტია.
„იმ შეღავათების მიხედვით, რა შეღავათიც გაუკეთდა „თბილისის მიკროავტობუსს“, ჩვენ დღეს უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მგზავრობის ტარიფი უცვლელი დარჩება. რაც შეეხება საბაგირო გზას, საბაგიროს ტარიფები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ შემდგომში მისი რეაბილიტაცია მომხდარიყო. ამიტომ მთავრობა შემოვიდა წინადადებით, რომ ტარიფი როგორც რიყე-ნარიყალას მიმართულებით, ასევე კუს ტბის მიმართულებით 2 ლარამდე გაზრდილიყო. ჩემი წინადადებით და იურიდიული კომისიის წევრთა მხარდაჭერით, მივაღწიეთ იმას, რომ ტარიფი მხოლოდ რიყე-ნარიყალას მიმართულებით შეიცვალა, რომლის მომხმარებლების 80% არის ტურისტი. მე მქონდა წინადადება, რომ რიყე-ნარიყალას მიმართულებით მგზავრობა 2,50 -მდე გაზრდილიყო და ვაკე-კუს ტბის საბაგიროზე, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობის 95% სარგებლობს, ტარიფი უცვლელად დარჩენილიყო. 2,50 ეღირება საბაგირო რიყე-ნარიყალას მიმართულებით და 1 ლარი დარჩა კუს ტბის მიმართულებით“, – განაცხადა თედო კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები