ნიაზ დიასამიძის გამოფენა -„ქართული ანბანი“ გაიხსნება

16 მაისს, 18:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში, ნიაზ დიასამიძის გამოფენა „ქართული ანბანი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ,,ქართული ანბანი’’ წარმოადგენს ნიაზ დიასამიძის საავტორო პროექტს, რომელიც მოიცავს ქართული ანბანის თემაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრების იმპროვიზირებულ ექსპოზიციას.
„ავტორი აქცენტს აკეთებს დამწერლობაზე, რომელსაც აქვს თავისი კანონები. სწორედ ამ კანონების შესაბამისად ვსწავლობთ ანბანის წერას. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთგვარი სტანდარტი, მაგრამ, ამავე დროს, ანბანი – ისევე, როგორც ენა, ცოცხალი და თავისუფალია.
ნიაზ დიასამიძის ნამუშევრებში ანბანის საწყისი აბსტრაქტული ფიგურებია, რომლებიც გარკვეული ემოციური და ბგერების გამომხატველ სიმბოლოებად იქცა. ავტორის აზრით, ყოველ ასოს აქვს თავისი ისტორია, ძლიერი და სუსტი მხარე, ისინი შეიძლება სხვადასხვა სიტყვაში სრულიად განსხვავებულ დატვირთვას ატარებდნენ.
პროექტი ერთ ექსპოზიციაში წარმოაჩენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და თანამედროვე ქართულ ხელოვნებას, რაც ტრადიციისა და თანამედროვეობის კონცეპტუალურ ჭრილში დანახვის საინტერესო მცდელობაა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
გამოფენა 2017 წლის 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები