ახალციხეში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა – „იქმნება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა“

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა შეხვედრა დღეს ახალციხის მოსახლეობასთან გამართეს.

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მადლობა გადაუხადა მათ იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობისათვის, რასაც ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა წარმოადგენს.

საკითხის განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტყიბულში დაღუპული ოთხი მეშახტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

კომისიის წევრების გარდა, დღევანდელ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ქვეყნის ძირითადი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს, საქართველოში ახალი მმართველობის სისტემის ფუნქციონირებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ ოთხი თვის განმავლობაში გაწეული სამუშაო გააცნო.

„ეს იყო დაუღალავი შრომა, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სწორედ ამ კომისიამ შეიმუშავა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომელიც უკვე საქართველოს პარლამენტს წარედგინა განსახილველად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში არის წარმოდგენილი.

„არ დარჩა არც ერთი მუხლი და პუნქტი, რომელსაც არ შეეხო სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, როგორც შინაარსობრივი და კონცეპტუალური, ასევე, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინაშე დასახულ ამოცანებზე ისაუბრა და ის ძირითადი სამი პრინციპი განმარტა, რომლის საფუძველზეც კომისიაში აქტიური სამუშაო პროცესი წარიმართა.
მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც 2010 წლის ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო ასახული. პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე და მისი გასწორების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოქმედი კონსტიტუცია, გარდა ამისა, უამრავ ხარვეზს შეიცავს, მათ შორის, როგორც ტექნიკურს ასევე, გრამატიკულსაც.

„გამოიკვეთა სამი პრობლემა. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრა იყო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ის დოკუმენტი, რომელიც შემოთავაზებულია სრულად აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც არის წარმოდგენილი დღეს მოქმედ კონსტიტუციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას თავების მიხედვით გააცნო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილი დოკუმენტი და უმთავრეს პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შესრულდა, ცვლილებები შეეხო თითქმის ყველა მუხლს.
პირველ თავზე საუბრისას, მან ოთხი ფუნდამენტური პრინციპი გამოყო, რომელსაც მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება. ეს არის დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები.

„ეს პრინციპები დღეს მოქმედ კონსტიტუციაშიც არის მოხსენიებული, კერძოდ, მის პრეამბულაში, თუმცა, ოთხივე მათგანი იყო ერთგვარად ჩაკარგული. ჩვენ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და თითოეულ ამ პრინციპს ვუთმობთ ცალკე მუხლს, რომელიც ამ პრინციპების რეალიზების კონკრეტულ გარანტიებს უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, გარკვეული ცვლილებებია, ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებითაც თუმცა, ძირითადი გზავნილი, რომელიც კონსტიტუციაში 1995 წელს ჩაიდო , ძალაში რჩება.

„ეს გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, მხოლოდ მას შემდეგ გადაისინჯება, რაც აღდგება ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ მათ გარეშე არ შევეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს, ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის მეორე თავზე საუბრისას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოწესრიგებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ადამიანის ძირითად უფლებებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე გაამახვილა.
მისივე თქმით, აქ არის მთელი რიგი ფუნდამენტური ცვლილებები.

„მეორე თავს ემატება ახალი ძირითადი უფლებები. ასეთია: ფიზიკური ხელშეუხებლობის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებები და ინტერესების დაცვა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და დაცვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, სამეწარმეო თავისუფლება და ა.შ. მისივე თქმით, რიგ უფლებებზე გაზრდილია მათი დაცვის სტანდარტი. ეს ეხება თანასწორობის უფლებას, პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის უფლებას და ა.შ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცალკე ჩანაწერითაა გარანტირებული ეთნიკური უმცირესობების უფლებები.

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივი კუთხით უმცირესობებს აქვთ იმის სრული შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ასევე, ისარგებლონ დედა ენით როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, საჯაროდ. ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც შედის კონსტიტუციის მეორე თავში და თითოეული ეს ცვლილება ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შემდგომ გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ფინანსებისა და კონტროლის თავის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ აღნიშნული თავის მომზადებისას ეროვნულმა ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სხვა შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები გაითვალისწინა.

ცვლილებები შედის თავდაცვისა და უსაფრთხოების მომაწესრიგებელ თავში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სრულიად ბუნდოვნად იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები ჩაწერილი.

„დღეს ეს ნაწილი ფუნდამენტურად არის მოწესრიგებული საქართველოს კონსტიტუციით“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეიქმნა ახალი მნიშვნელოვანი გარანტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას კონსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, ეს ცვლილებები წარმოდგენილია, როგორც კონსტიტუციის პირველ თავში, ასევე, შესაბამის თვითმმართველობის თავში.

„ეს გარანტიები შექმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოში გაგრძელდეს და გაძლიერდეს თვითმმართველობის რეფორმირების პროცესი. მთავარია, შედგეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომლითაც გადაეცემა მეტი უფლებამოსილება დ მეტი რესურსი ადგილობრივ თვითმმართველობას და ამაზე მუშაობაც უკვე არის დაწყებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური პროექტის ახალი რედაქცია ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. მათ შორის, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების საკონსტიტუციო დონეზე აყვანას.

„გარდამავალი დებულებების ნაწილს ემატება სპეციალური მუხლი, სადაც არის ასახული ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი. კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონი მთლიანად შეცვლილი რედაქციით არის ჩამოყალიბებული. მისივე თქმით, აქაც იყო უამრავი ხარვეზი და ეს ყველა ხარვეზი არის გამოსწორებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ კონცეფციაზე ისაუბრა, რომელიც მმართველობის სისტემას ეხება.

„ახალი მმართველობის სისტემა ოთხ ძირითად ელემენტზეა აგებული ეს არის ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. ამ ოთხ ძირითად ელემენტს ეფუძნება ის მმართველობის სისტემა, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც ასახული საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები, საქართველოს პარლამენტის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

„პარლამენტი არის გაძლიერებული თვისობრივად. იზრდება მთავრობის, როგორც ანგარიშვალდებულების, ისე პასუხისმგებლობის ხარისხი, საქართველოს პარლამენტის მიმართ. ეს აისახება უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე და სხვა პროცედურებზე, რომელიც ანგარიშვალდებულებასთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ძლიერდება ოპოზიციის როლი. წესრიგდება ფრაქციების შექმნის წესი და რაც მთავრია, იცვლება საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, დღეს საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ხდება.

„დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემაც არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს თუმცა, ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ეს სისტემა, რომელიც სუბიექტურად არის მომგებიანი მმართველი პარტიისთვის, შევცვალოთ ისეთი სისტემით, რომელიც მმართველი პარტიისთვის არის ნაკლებად მომგებიანი, მაგრამ ემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ინტერესებს და ეს არის პროპორციული სისტემა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, პროპორციული სისტემა შემოღებულია სამი ძირითადი ელემენტით. უქმდება საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი. ძალაში რჩება 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და ე.წ. ბონუს სისტემა, რომელიც გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების მინიჭებას ითვალისწინებს.

„საუბარია ერთნიშნა, მცირე დანამატზე, რაც პოლიტიკური სისტემის, საპარლამენტო სისტემის შედარებით მაღალი ხარისხის სტაბილურობას უზრუნველყოფს და რომელიც გამარჯვებულ პარტიას იმისათვის ეძლევა, რომ საპარლამენტო ცხოვრება შედარებით უფრო სტაბილური იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციურ კანონში მთავრობასთან მიმართებაში განიხილება.

„ქმედითი მთავრობა არის უზრუნველყოფილი ერთი ფუნდამენტური ჩანაწერით. მთავრობა არის ერთადერთი ორგანო საქართველოში, რომელიც პოლიტიკას აღასრულებს და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს. ადრე საშინაო და საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტი ახორციელებდა და მთავრობა მისი ერთგვარი დამხმარე ორგანო იყო. ეს სისტემა შეიცვალა 2010 წლის ცვლილებების საფუძველზე. ერთადერთი, რომელიც დღეს ამ პოლიტიკას ახორციელებს არის საქართველოს მთავრობა. ეს ჩანაწერი რჩება ძალაში რაც უზრუნველყოფს ქმედითი მთავრობის ფუნქციონირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება სასამართლო ხელისუფლების მიმართ განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა. მისი თქმით, დგინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა, იცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესი, დგინდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი. მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად, სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია აღარ გახდება მოსამართლეთა გათავისუფლების საფუძველი. მკაფიოდ რეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი, რაც დამატებით განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობას. პროკურატურა გამოდის აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობიდან და ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არის ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ყველაფერი სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე, სტატუსსა და არჩევის წესზე. მისი თქმით, პრეზიდენტის სტატუსი განსაზღვრულია სამი ძირითადი ნიშნით.

„დღეს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. სამივე ნიშანი ძალაში რჩება. პრეზიდენტს რჩება ძალიან მაღალი სიმბოლური სტატუსი. ეს სამივე სტატუსი რჩება ძალაში, მთავარია, რომ სწორი განმარტება მიეცეს ამ თითოეულ ჩანაწერს. ანუ პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ხშირია არასწორი ინტერპრეტაციები. მისივე თქმით, რეალურად პრეზიდენტის უფლებამოსილებები საქართველოში მმართველობის სისტემის ცვლილებასთან ერთად 2010 წელს შეიზღუდა.

„პრეზიდენტს 2010 წლის ცვლილებების შემდეგ აღარ აქვს მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლება. შესაბამისად, რაც არ უნდა შეცვალო, გადასინჯო პრეზიდენტის კომპეტენციები, თუ მმართველობის სისტემა არ შეიცვლება, პრეზიდენტის კომპეტენციებს არსებითად ვერ გაზრდი და ვერც შეამცირებ“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციურ კანონპროექტში პრეზიდენტის კომპეტენციებთან დაკავშირებით შედის მხოლოდ ორი ცვლილება. ორივე ცვლილება ვენეციის კომისიის შესაბამის რეკომენდაციებს და საბოლოო დასკვნას ეფუძნება.

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილება გაიხსენა და განმარტა, რომ დახვეწილ საპარლამენტო სისტემებში ყველაზე უკეთ სწორედ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მუშაობს, რასაც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს.

„როდესაც საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს ვირჩევთ პირდაპირი წესით, ჩნდება ძალიან დიდი დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციას და უფლებამოსილებებს შორის. პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული უფლებამოსილებები, თუმცა ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია მინიჭებული. ასეთ დროს წარმოიშობა ხოლმე სისტემური პრობლემები, ხოლო იქ, სადაც პრეზიდენტებს არ ირჩევენ პირდაპირი წესით, არასდროს სისტემური პრობლემები ამ კუთხით არ წარმოშობილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებები შეაჯამა.

„ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა იცვლება დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით. არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება უკან, ეს შეიძლება ითქვას, როგორც კონსტიტუციის საერთო სულისკვეთებასთან დაკავშირებით ასევე, თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ყველა მუხლთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ პროგრესი, ეს არის საერთო შედეგი იმ პროცესის, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარიმართა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქმნება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები