საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრას 40-მდე სტუდენტი და მოსწავლე ესწრებოდა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ პროკურატურის სისტემის განვითარების ისტორიას, საქმიანობის სპეციფიკას, საქართველოს პროკურატურაში მოქმედ სტაჟირების სისტემას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკასა და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ნოვაციოს“ მომართვის საფუძველზე განხორციელდა. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა – სტუდენტებმა და მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
მონაწილეებს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ნინო აღლემაშვილი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი პროკურორი გოჩა ფერაძე და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი ემზარ გაგნიძე შეხვდნენ.
მომხსენებლებმა მონაწილეებს  საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ესაუბრნენ პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, საქართველოში მოქმედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე, ასევე, სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობასა და უპირატესობებზე.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა, აღნიშნული მიმართულებით, პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები