უსუფაშვილი ახალ საარჩევნო სისტემაზე: ასეთი ვითომ სტაბილურობა მერე სუპერ დესტაბილიზაციით მთავრდება ხოლმე

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მოქმედი ხელისუფლება ახალი საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით გაწერილი საარჩევნო სისტემის გამო გააკრიტიკა და ის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის დაუოკებელ სწრაფვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, 2016 წელს რომ არჩევნები ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელით ყოფილიყო, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ექნებოდა, მაგრამ მასთან ერთად, პარლამენტში ასევე, სხვა პოლიტიკური ძალებიც შევიდოდნენ და სპარლამენტო კოალიციების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდებოდა.
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, გაუნაწილებელი მანდატების ერთი პარტიისთვის მიკუთვნებით, პოლიტიკურ პარტიებს კლავს. უსუფაშვილმა მანდატების გადანაწილების წესთან ერთად, ბლოკების გაუქმების ფონზე საარჩევნო ბარიერის მაღალი ზღვარიც გააკრიტიკა.
„ 2016 წლის არჩევნებზე თუ იქნებოდა 4%-იანი ბარიერი „თავისუფალი დემოკრატები“ შევიდოდნენ პარლამენტში, ხელისუფლების შემოთავაზებული დათვლის სისტემით, ხელისუფლებას მაინც ექნებოდა 97 მანდატი, ოპოზიციის შემოთავაზებით, მას ექნებოდა 87 მანდატი. ბარიერის 4%-მდე დაწევის შემთხვევაში და პროპორციული სისტემის სამართლიანი გადანაწილებით, მას 88 მანდატი ექნებოდა პარლამენტში. არ არის ეს საკმარისი 48%-იანი პარტიისთვის? მაგრამ მათ აქვთ დაუოკებელი სწრაფვა ერთადერთობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ბარიერი იქნებოდა 3% , პარლამენტში, ასევე, შევიდოდნენ ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდი, ბურჭულაძის პოლიტიკური გუნდი და “ლეიბორისტები”. ასეთ შემთხვევაშიც კი, ოპოზიციის შეთავაზებული მოდელით , მმართველ პარტიას ექნებოდა 77 მანდატი. ექნებოდა ისევ უმრავლესობა და ექნებოდა საშუალება, მთავრობაც შეექმნა და პარლამენტშიც ემუშავა. როდესაც ზღურბლი დაბალია და მეტი პარტიაა პარლამენტში, მეტი შესაძლებლობაა შიდა საპარლამენტო კოალიციების შექმნის. 40 % შედეგის შემთხვევაშიც კი, პირველ ადგილზე გასული პარტია აგროვებს, კომფორტულად აგროვებს მანდატების ნახევარზე მეტს სამართლიანი სისტემით და არა იმ სისტემით, როდესაც გაუნაწილებელი მანდატები, ყველა, მიაქვს მთავრობას. მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას სჭირდება სამართლიანი საარჩევნო სისტემა. სისტემამ უნდა მისცეს ბიძგი პოლიტიკურ პროცესს და არ მოკლას პოლიტიკური პარტიები. ეს არის ხელისუფლების დაუოკებელი სწრაფვა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის, რომ ერთპიროვნულად არამარტო კანონები მიიღონ, მთავრობა შეცვალონ, დაამტკიცონ, არამედ კონსტიტუციაშიც, როცა რა მოესურვებათ, ის ჩაწერონ“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
​რაც შეეხება ბლოკების აკრძალვის საკითხს, უსუფაშვილის თქმით, მოდელი, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს საზოგადოებას, ბლოკების აკრძალვა, 5%-იანი ბარიერი და გაუნაწილებელი მანდატების მთლიანად ერთი პარტიის მიერ წაღება ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები და ის ადამიანები, რომელთაც სხვებს მისცეს ხმა, სახელმწიფო საქმეებს მოაშორონ და გაწიონ გვერდზე.
„ ეს ნიშნავს ქვეყნის წინსვლის დაბრკოლებას. ფიზიკურად იყავით, მაგრამ არ უნდა გქონდეთ საშუალება, ხელი შეგვიშალოთ რამეში, მათ შორის კონსტიტუციის შეცვლაში. ეს ვითომ სტაბილურობა მერე სუპერ დესტაბილიზაციით მთავრდება ხოლმე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები