ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა. ლევან იზორია სტამბოლში მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას „IDEF 2017“-ს დაესწრება და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე, უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნობა.
მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ლევან იზორია თურქ კოლეგას, ფიქრი ისიკს, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, შუაი ალფაის და სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არმიის გენერალ სალიჰ ზექი ჩოლოქს შეხვდება.
მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა, რომელსაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს, მასში მონაწილე ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. IDEF ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდ თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას წარმოადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნების, დელეგაციებისა და კომპანიების მხრივ, მსოფლიოს მასშტაბით, მეხუთე ადგილზეა. წელს გამოფენაში 53 ქვეყნის 781 კომპანია და 493 მაღალი რანგის უცხოელი დელეგატი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები