ქისტური პოეზიის საღამო გაიმართება

18:00 მაისს, 15:00 საათზე, მწერალთა სახლში ქისტური პოეზიის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველმა,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მექა ხანგოშვილმა განუცხადა, საღამო მიზნად ისახავს ქისტი პოეტების შემოქმედების გაცნობა-გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს „კავკასიელებს შორის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტების აღმოფხვრას ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მეშვეობით, ასევე ბოლო წლების განმავლობაში ქართველების ცნობიერებაში „მესამე ძალის“ ზეგავლენით მეზობელ და მონათესავე ხალხებში (მათ შორის ქისტ-ჩეჩნებში) შექმნილი მტრის ხატის ნგრევას, მომავალი თაობების დაახლოებასა და ერთმანეთთან დაკავშირებას, ქართული საზოგადოებისათვის (განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის) ქისტური პოეზიის გაცნობას, მათი ცნობიერების ამაღლებას, ქისტი ახალგაზრდების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას“, – განუცხადა „კვირას“ მექა ხანგოშვილმა.
მისივე თქმით, საღამოზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა თემას: „საქართველო ქისტი პოეტების შემოქმედებაში“. ქისტი პოეტები – მუხმად ნაციშვილი, მაია მარგოშვილი, სულეიმან გუმაშვილი, ეკა ქავთარაშვილი, კანეი მარგოშვილი საზოგადოების წინაშე წარდგებიან.
ამ დღეს უხუცეს პოეტებს პატივს მიაგებენ (მათ შორისაა უსინათლო პოეტი, რომელიც წელს შესრულდა 75 წლის), ასევე ახალგაზრდა პოეტებიც წახალისდებიან.
საღამოზე, რომელიც ტარდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, სხვადასხვა უწყება ქისტ პოეტებს  სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოებს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები