დღეს საქართველო ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო ბიენალეზე წარდგება

10 მაისს, 17:30 საათზე, ვენეციის  ხელოვნები ს57-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს პავილიონი პროექტით, „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი იმერული ოდა, რომელსაც პროექტის ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია.
წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს VIVA ARTE VIVA (კურატორი კრისტინ მასელი). VIVA ARTE VIVA კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობილი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეოჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.
ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე.
პროექტის კურატორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – იულიან ჰეინენი, მწერალი, სპეციალიზდება თანამედროვე ხელოვნებაზე. 2003–2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, და 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთერთი კურატორი. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში.
ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში წელს 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ვენეციაში იმართება.
ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზეა“ განთავსებული, რომლისთვისაც შენობაში “Artiglierie” 115 კვ.მ. ფართობის სივრცეა განსაზღვრული.
პავილიონი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭერით გაიხსნება. ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე წარსადგენ პროექტს ორგანიზებას უწევს ააიპ „ობსკურა“. ღონისძიებას საქართველოს პავილიონის კომისარი ანა რიაბოშენკო დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები