მთავრობის ადმინისტრაცია: ტყიბულში ყველა შესაბამისი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად მუშაობს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები, ტყიბულში სამთო მაშველთა დამატებითი ჯგუფი თბილისიდანაც გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლის პროცესში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული.
„შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლის პროცესში ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთო. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე – ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი.

ტყიბულში, შემთხვევის ადგილზე პირველივე წუთებიდან იმყოფებიან რეგიონის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ყველა შესაბამისი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, დადგინდეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი და გაკეთდეს ყველაფერი, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. ადგილზე თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები