მამუკა მდინარაძე: უსაფრთხოებაზე მუშაობა უნდა გაააქტიურონ როგორც კერძო, ისე საჯარო სამსახურებმა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა როგორც კერძო კომპანიების, ასევე საჯარო სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან უნდა გააქტიურდეს. ამის შესახებ მდინარაძემ ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.
„ჯერჯერობით კონკრეტული მიზეზები ამ შემთხვევის არ ვიცით, სამაშველო სამსახურები იწყებენ მუშაობას და ველოდებით თბილისიდან და ქუთაისიდან სამაშველო სამსახურებს დამატებით. ფაქტი ერთია, რომ უსაფრთხოების საკითხებზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა, როგორც კერძო კომპანიების შესაბამისი წარმომადგენლების მხრიდან, ასევე საჯარო სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან, ყველა შემთხვევაში, ძალიან მალე, ჩვენ გვეცოდინება კონკრეტული დეტალების შესახებ, როცა კონკრეტული წარმომადგენლები დადასტურებულ ინფორმაციას მოგვაწვდიან.
ჯერჯერობით, კომპანიის ხელმძღვანელები ვერაფერს ადასტურებენ კონკრეტულს, გარდა იმისა, რომ ე.წ. ბადეა ჩავარდნილი და ადამიანები იყვნენ მასზე და სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. სამაშველო სამსახურების მუშაობის შემდეგ, რამდენიმე წუთში ან ერთი საათის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება, უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. ადგილზე თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები