„ საქართველოში 34% მწეველია, ყოველ წელს თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებით 11 000 ადამიანი იღუპება“

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღება, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია . საქართველოში 34% მწეველია, ამ კუთხით, კატასტროფული მდგომარეობაა. ყოველ წელს კი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებით 11 000 ადამიანი იღუპება“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გუგული მაღრაძემ გააკეთა.
მისი თქმით, თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებით გარდაცვლილთა შორის 3 000 არის მეორადი, პასიური მწეველი, ვინც თავად არ ეწევა, მაგრამ უწევს ისეთ ატმოსფეროში ყოფნა, სადაც თამბაქოს კვამლია. მაღრაძის თქმით, იმისთვის, რომ კანონმა ეფექტურად იმუშაოს, გაუქმდება და აღარ იარსებებს შენობებში ე.წ. მოსაწევი ადგილები. ამის მიუხედავად, გარკვეული შეღავათები გავრცელდა პენიტენციალურ სისტემაზე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და სასტუმროების ნაწილზე.
„ ყველგან, საჯარო თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს კვამლი და გამონაბოლქვია, ეს ყველაფერი კი მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძალიან ძნელი იყო ამ კანონის მიღება . ჩვენ არ დავუშვით სპეციალური მოსაწევი ადგილები იმიტომ, რომ როგორც კი დაუშვებ ასეთ ადგილებს, ჩათვალე, რომ კანონი აღარ მუშაობს, იმიტომ, რომ თამბაქოს კვამლს არა აქვს კარები. ამ მოსაწევი ადგილიდან თამბაქოს კვამლი ვრცელდება ყველგან. არათანაბარ მდგომარეობაში დგება სხვადსხვა ორგანიზაცია, ვიღაცას აქვს ეს აკრძალვა, ვიღაცას -არა, ამიტომ მთლიანი აკრძალვა დახურულ შენობებში ყველაზე ეფექტურია.
გამონაკლისი დავუშვით საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროების 20% -ში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, პენიტენციალურ სისტემაში და საქართველოს ტურისტული ინტერესებიდან გამომდინარე, დავამატეთ, რომ ლიცენზირებულ კაზინოებში და სიგარა ბარებში შეიძლება მოწევა, რადგან ეს სპეციალიზებულია. ეს აკრძალვები 2018 წლის მაისში შევა ძალაში. მანამდე არის მოსამზადებელი პერიოდია იმისთვის, რომ საზოგადოება თანდათანობით შევაგუოთ ამ აზრს, მეორე იმისთვის, რათა სამასპინძლო ბიზნესს მიეცეს საშუალება, რომ ვისაც უნდა არ დაკარგოს მწეველი აუდიტორია, გააკეთოს ღია ვერანდები, ნახევარზე მეტი რომ არ იყოს დახურული“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
2019 წლიდან იკრძალება თამბაქოს რეკლამა და მისი გაყიდვის ახალი წესი ამოქმედდება.
„საუბარია ბილბორდებზე, გარეთა რეკლამებზე, აიკრძალება „დრაივიც“. ჩვენ გვინდა, რომ ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს სიგარეტის ყიდვა. შემოვა სიგარეტის სადა შეფუთვა, რომელზეც იქნება დიდი პიქტოგრამა, სადაც დატანილი ფოტო იქნება იმის, თუ რას იწვევს სიგარეტი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
​რაც შეეხება კონტროლს, მაღრაძის თქმით, თუ ოფისში ადამიანები მოწევენ, ამის შესახებ ცხელ ხაზზე დარეკავს არამწეველი თანამშრომელი და საჭირო უწყებას საქმის კურსში ჩააყენებს. პოლიციას უფლება აქვს, შევიდეს ოფისში.
„ თუ პოლიციამ ოფისში ფაქტი ვერ ნახა, ვერაფერს იზამს. ფაქტი თუ დააფიქსირა, ჯარიმას გადაიხდის დაწესებულების ხელმძღვანელი. ეს არის ეგრეთ წოდებული თვითაღსრულებადი კანონი. როდესაც საზოგადოება ეჩვევა ამას, უკვე თვითონვე აკონტროლებენ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები