„ლუჟკოვს პასპორტში არანაირი ბეჭედი არ აქვს იმის მანიშნებელი, რომ ის ოკუპირებულ აფხაზეთში იყო“

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გამოეხმაურა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ლუჟკოვს პასპორტში ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნის დამადასტურებელი ბეჭედი არ აქვს, ამიტომ სამართლებრივად რაიმეს გაკეთება არ შეიძლებოდა.
​დეპუტატის თქმით, საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგიის სერიოზულად მოფიქრება სჭირდება. ამ კუთხით, შესაძლოა, შედგეს იმ ადამიანების სია, რომელთაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უკვე დაარღვიეს. აღნიშნული სია, მაღრაძის თქმით, მარტო შიდა მოხმარებისთვის არ უნდა იყოს, მას საერთაშორისო მხარდაჭერაც უნდა ექნეს.
„ რაც შეეხება ლუჟკოვის ვიზიტს, რუსეთის მოქალაქე ლუჟკოვი ჩამოვიდა საქართველოში ტურისტულ ჯგუფთან ერთად. ლუჟკოვი დღეს არ წარმოადგენს ისეთ პიროვნებას, რომელსაც რუსეთში რაიმე პოსტი ეჭიროს, ეს არის ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი, მაგრამ ჩვენ მესაზღვრეებს ვერ ვეტყვით რომ ნებისმიერი ადამიანი ვისზეც გვაქვს თუ არ გვაქვს ობიექტური ინფორმაცია, დააკავონ. ლუჟკოვს პასპორტში არანაირი ბეჭედი არ აქვს იმის მანიშნებელი რომ ის უკვე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო. მე, მაგალითად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ლუჟკოვის ვიზიტზე არც გავამახვილებდი ყურადღებას. საერთოდ, ჩვენ გვჭირდება დეოკუპაციის სტრატეგიის სერიოზულად მოფიქრება და ამ დეოკუპაციის სტრატეგიაში როგორი უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, რომელთაც კანონი დაარღვიეს. თუ ოკუპაციასთან დაკავშირებით კანონში რამე ცვლილება გვჭირდება, უნდა შევიტანოთ. შეიძლება სიაც შედგეს იმ ადამიანების, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს კანონი . ეს სია მარტო ჩვენი შიდა სარგებლობის კი არ უნდა იყოს, გარკვეული საერთაშორისო მხარდაჭერაც უნდა ჰქონდეს. დღევანდელ სიტუაციაში, სამართლებრივი თვალსაზრისით, ვერც ვერაფერს გავაკეთებდით“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები