„3 წლის განმავლობაში, 70 ბავშვი დაიღუპა, ისინი ძირითადად, მგზავრები იყვნენ“- რა უნდა გაკეთდეს ავტოავარიების შემცირების კუთხით

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა და ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელმა, გელა კვაშილავამ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაზე და ამ კუთხით დღეს არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
​როგორც მათ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, ამ კუთხით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მკაცრი და ძველ კანონთან შედარებით, ძალიან კარგია, თუმცა მათი თქმით, რამდენიმე კუთხით, პრობლემები ისევ რჩება. ეკა ლალიაშვილმა აქცენტი 100-ქულიანი სისტემის დადებით მხარეზე და ე.წ. ავარიულად საშიში შავი წერტილების პრობლემაზე ისაუბრა.
„8-14 მაისი გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულია. საგზაო უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული ხდება. 1 ივლისიდან ძალაში შევა ქულათა სისტემა და თითოეულ დარღვევაზე მძღოლებს არამარტო ქულები ჩამოაკლდებათ, დაერიცხებათ ფულადი ჯარიმაც. ამუშავდება უკონტაქტო პატრულირების მექანიზმი, სხვადასხვა დარღვევებზე მკაცრდება სანქციები და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კანონი ავტოავარიებს შეამცირებს ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და გეგმა გაგვაჩნია, მაგრამ ჯერ არ გვაქვს კონკრეტული რიცხვი, თუ რამდენი პროცენტით უნდა შემცირდეს ავარიების მსხვერპლთა რიცხვი. მეტნაკლებად აღრიცხულია და არსებობს შავი წერტილები. თბილისშიც და მაგისტრალებზეც, თუმცა მათ განეიტრალებაზე ჯერჯერობით კონკრეტული მუშაობა არ მიმდინარეობს, ამას საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. შესასწავლია რატომ ხდება ამა თუ იმ წერტილში ხშირად ავარია და რატომ მთავრდება მსხვერპლით.
ახალი კანონმდებლობა იმაზე მკაცრი და უკეთესია, ვიდრე არსებული, რადგან მძღოლს ჩამორთმეული მართვის უფლება არ შეუძლია სამი თვის განმავლობაში აიღოს. სამი თვის შემდეგ, მას შეუძლია, ჩააბაროს გამოცდა ან მიმართოს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს შეწყალებისთვის და თან გადაიხადოს ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით. ჩვენ ვითხოვდით ადმინისტრაციულ პატიმრობას იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ნასვამი სხდებიან საჭესთან, იმიტომ, რომ ისინი, ჩვენი ღრმა რწმენით, პოტენციური მკვლელები არიან, თუმცა ამ ეტაპზე, ეს არ იქნა გათვალისწინებული პარლამენტის მიერ.
უნდა აღინიშნოს, ასევე, ბავშთა სავარძლები. ჩვენი ბავშვები მგზავრობის დროს დღესდღეობით დაუცველები არიან. ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი ზის წინა სავარძელზე, ხშირად ღვედების გარეშეც . 3 წლის განმავლობაში, 70 ბავშვი დაიღუპა, ძირითადად, ისინი არიან მგზავრები“,- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
​ფონდის, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებლის და გლობალური საგზაო უსაფრთხოების ალიანსის დირექტორთა საბჭოს წევრის, გელა კვაშილავას თქმით კი საგზაო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გზების ინფრასტრუქტურაზე იზრუნოს ხელისუფლებამ. კვაშილავა მიიჩნევს, რომ რეგიონებს დახმარება უნდა გაეწიოს, რომ იქ საგზაო ნიშნების სისტემა და ზებრა გადასასვლელები მოწესრიგდეს. მისი თქმით, პრობლემებია მართვის სიტემის გაცემით კუთხითაც, კვაშილავა მიიჩნევს, რომ პრაქტიკული ცოდნის კუთხით, უნდა გაიზარდოს მართვის მოწმობის აღების მსურველთა ცოდნა.
„შესაცვლელია მართვის მოწმობის გაცემის ის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. აი, იმ ადამიანიდან, ვინც გამოცდას აბარებს, 5 დამოუკიდებლად უკან ვერ მოდის. აუცილებლად უნდა შემოვიდეს ტექდათვალიერების სისტემა . დაურეგულირებელია საქალაქთაშორისო გადაყვანა . ასევე, აუცილებელია უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქალაქებში . ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უნდა გაეწიოთ დახმარება, რომ საგზაო ნიშნების სისტემა, ზებრა გადასასვლელი და უსაფრთხო ქვეითთა კუნძულები მოეწყოს“,- აღნიშნა კვაშილავამ.
კვაშილავას თქმით, 100-ქულიანი სიტემის შემოღება ხელს შეუწყობს სიჩქარის დარეგულირებას. მისი თქმით, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, სიჩქარის გადაჭარბების 200 000 შემთხვევა დაფიქსირდა.
„თუ მოვიყვანთ შარშანდელ მაგალითს, გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბების 200 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ 200 000-დან დარღვევის 30% ერთი და იგივე პიროვნებების მიერ განხორციელდა. ადრე არსებული სისტემით, მძღოლს შეეძლო, სიჩქარის გადაჭარბებისთვის გადაეხადა ჯარიმა და ისევ ეტარებინა მანქანა. ეს არასამართლიანი იყო. ქულების სისტემა სიჩქარის გადაჭარბების, ღერძულა ხაზის გადაკვეთის და სიმთვრალის შემთხვევების რამდენჯერმე განმეორების შემთხვევაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითვალისწინებს“,- აღნიშნა კვაშილავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები